ჯეიმს აპატურაი - ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულია, საქართველოს აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი
ჯეიმს აპატურაი - ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულია, საქართველოს აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო-ს სამიტის კომუნიკეში, რომელზე ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს, ქართველებისთვის საინტერესო ოთხი ძირითადი საკითხი იქნება.

ამის შესახებ აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

„ნატო-ს სამიტის კომუნიკეში, რომელზე მსჯელობაც ამ წუთებში მიმდინარეობს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ქართველებისთვის საინტერესო ოთხი ძირითადი საკითხი იქნება. პირველი ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომ ნატო-ს კარი კვლავ ღიაა. როგორც ქართველებმა იციან, ჩვენ ახლახან მივიღეთ ორი ახალი წევრი ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენერგო. ეს არის მტკიცებულება, რომ ალიანსის კარი მართლაც ღიაა.

მეორე იქნება ძლიერი გზავნილი კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულია და საქართველოს აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ამავე დროს ჩვენ კიდევ ერთხელ გადავუხდით მადლობას საქართველოს ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს; ვგულისხმობ, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, მესამე პუნქტი, რომელიც საქართველოს ეხება მოიცავს შავ ზღვას.

„შავი ზღვაში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია გაუარესებულია და ეს რუსეთის გამო ხდება. მათ შორის ყირიმის ანექსიისა და იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. მე ველოდები, რომ ნატო-ს კომუნიკეში აღნიშნული იქნება არა მხოლოდ ის, რომ ალიანსში ამის შესახებ იციან, არამედ ის, რომ ნატო ამასთან დაკავშირებით ნაბიჯებს დგამს, მათ შორს საქართველოს და უკრაინის ჩართულობით“, – აღნიშნა აპატურაიამ.

მისივე თქმით, მეოთხე საკითხი იქნება ყოვლისმომცველი თემა, რომლის ფარგლებში ნატო აღიარებს, რომ არსებობს გეოსტრატეგიულია კონკურენცია დემოკრატიულსა და არადემოკრატიულ სამყაროს შორის.

„ეს კონკურენცია მძაფრდება. ამიტომ, ნატო-ს სურს ხელი გაუწვდინოს უფრო მეტ თანამოაზრე სახელმწიფოს, ისეთს როგორიც საქართველოა, რათა კონსულტაციები ერთად გავმართოთ და ერთად ვიმოქმედოთ, არა მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად, არამედ ჩვენი საერთო ღირებულებების, ასევე სისტემებისა და სტანდარტების დასაცავად, რომელზეც დამოკიდებულია დემოკრატია. მაგალითად, გაერო-ს სისტემაში, ასევე სატელეკომუნიკაციო სისტემებში, ამიტომ ჩვენ და საქართველო ამ კონტექსტში მეტს გავაკეთებთ. ასე რომ, იმედი მაქვს, ქართველები ამას დააფასებენ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.