ჯეიმს აპატურაი - ნატო აფასებს საქართველოს როგორც პარტნიორს, ყოველთვის მზად ვიქნებით, საქართველო ჩვენს მისიებში იყოს წარმოდგენილი
ჯეიმს აპატურაი - ნატო აფასებს საქართველოს როგორც პარტნიორს, ყოველთვის მზად ვიქნებით, საქართველო ჩვენს მისიებში იყოს წარმოდგენილი

საქართველომ გააუმჯობესა შეიარაღებული ძალებისა და მათი თავსებადობა ნატო-ს ძალებთან, ვეძებთ გზებს, რომ ეს კომპონენტი არ დავკარგოთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

ამასთან, როგორც აპატურაიმ აღნიშნა, არ გამორიცხავს, რომ ნატო-ს უახლოეს წლებში ახალი წევრები შეურთდნენ. თუმცა, მისივე თქმით, ახლა აფრო მეტად აქტუალურია საკითხი – „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“.

„ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ნატო-ს უახლოეს წლებში ახალი წევრები შეუერთდნენ. ახლა ნატო-ში გაწევრიანებით სამი ქვეყანაა დაინტერესებული: უკრაინა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ისინი არიან ასპირანტი ქვეყნები. მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, თუ როდის შესთავაზებენ მათ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმას, მაგრამ ღიად რომ ვისაუბრო თქვენთან, ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა არ არის ყველაზე მეტად აქტუალური საკითხი, უფრო მეტად აქტუალურია „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“. ჩვენ გვაქვს და გვექნება რამდენიმე იდეა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ ერთობლივად“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მონაწილეობაზე ნატო-ს მისიებში.

„ავღანეთის მისია, რომელიც ახლა დასასრულს უახლოვდება, ცხადია იყო ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც საქართველომ გვაჩვენა, რომ მას უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამავე დროს საქართველომ გააუმჯობესა შეიარაღებული ძალებისა და მათი თავსებადობა ნატო-ს ძალებთან. ვეძებთ გზებს, რომ ეს კომპონენტი არ დავკარგოთ. ვგულისხმობ, პოლიტიკურ და პრაქტიკულ ჩართულობას, რომელიც ამას თან მოსდევს. რა მოხდება ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემასთან დაკავშირებით ამის პროგნოზირება არ შემიძლია. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შემიძლია დახმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ნატო და საქართველო დაუახლოვდებიან ერთმანეთს, რადგან შემდეგ, როდესაც პოლიტიკურად შესაფერისი დრო დადგება, წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ ნატო-ს ხელმძღვანელობით მოქმედ ოპერაციებსა და ასევე, აფრიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში შეტანილი წვლილი დაფასებულია.

„ამან დიდი სარგებელი მოუტანა საერთაშორისო უსაფრთხოებას და ნატო-ს. ვიცი, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ერთმანეთს იცნობს. ამიტომ, ამ მისიებში გაღებული მსხვერპლი ძალიან მტკივნეულია მთელი საქართველოსთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ამისთვის. ავღანეთის მისია სრულდება, მაგრამ ნატო-ს აქვს ბევრი შესაძლებლობა, შეინარჩუნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობა. საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი. ჩვენ ერთად ვატარებთ ყოველწლიურ წვრთნებს, ასევე გაგვაჩნია ტექნიკური სტრუქტურები, რათა ერთად მუშაობა კვლავ შევძლოთ, თუმცა ოპერაციების მონაწილეობით კონტრიბუცია და თანამშრომლობა ყველაზე მეტად დასაფასებელია. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ კვლევას, თუ რა შესაძლებლობები არის ღია საქართველოსთვის. მაგალითად, ჩვენი ოპერაცია გაფართოვდა ერაყში, რომლის ფარგლებშიც ერაყელებს გავწვრთნით, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება სუვერენულია. საქართველო თავად გადაწყვეტს, რისი გაკეთება სურს. ნატო აფასებს საქართველოს როგორც პარტნიორს და ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ საქართველო ჩვენს მისიებში იყოს წარმოდგენილი“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.