ჯეიმს აპატურაი - მნიშვნელოვანია, პარლამენტმა გაატაროს რეფორმები, რომელიც საქართველოს ნატო-სთან დააახლოებს
ჯეიმს აპატურაი - მნიშვნელოვანია, პარლამენტმა გაატაროს რეფორმები, რომელიც საქართველოს ნატო-სთან დააახლოებს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმ აპატურაიმ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

„ვისაუბრეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს სვლა ნატო-ს წევრობასთან დასაახლოებლად. შევთანხმდით, რომ მიღწეულია უზარმაზარი პროგრესი ბოლო 10 წლის განმავლობაში და სამიტზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა, ეს პროგრესი აღიარებულია. ჩვენ განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხი და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ნატო-სთვის შთამბეჭდავია როლი, რომელსაც საქართველო ახლა თამაშობს რეგიონში, რათა დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს, გადალახონ საომარი მოქმედებები, დაიწყონ საუბარი. ეს არის უნიკალური როლი, რომელის შესრულებაც მხოლოდ საქართველოს შეუძლია. საქართველოს ამ საკითხისადმი ნამდვილად შემოქმედებითი და ენერგიული მიდგომა აქვს. ვხედავთ, რომ ის ეხმარება აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთთან საუბრის გამართვაში. ჩვენ ამით კმაყოფილი და მადლიერები ვართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, რომელიც გაუარესებულია. ეს ვიცით, თუმცა ახლა ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ვითანამშრომლოთ. ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების ახალი გამოწვევები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ამ სფეროში მეტის გაკეთება შეგვიძლია სამომავლოდ, ჩემს ახალ პოზიციაზე ამის უზრუნველყოფას ვეცდები. საქართველოში ვნახეთ პოლარიზაცია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა შეძლო მიეღო საჭირო ცვლილებები, რათა ხელახლა დაიწყოს ფუნქციონირება, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს. ვიცი, რომ ახლა მიმდინარეობს რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში და აშშ-ის მთავრობა ამ კუთხით ძალიან აქტიურია. სწორი გეზით მივდივართ და ნამდვილად კმაყოფილები ვართ. მიმაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, რეფორმები სჭირდება ქართველ ხალხს. რეფორმები, რომელსაც პარლამენტი მიიღებს. ასევე, დააახლოებს საქართველოს ნატო-სთან“, – განაცხადა აპატურაიმ.