ჯეიმს აპატურაი - ღია კარის პოლიტიკაზე ნატო-ში დისკუსია ნამდვილად აქტიურად მიმდინარეობს
ღია კარის პოლიტიკაზე ნატო-ში დისკუსია ნამდვილად აქტიურად მიმდინარეობს, – ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
კითხვაზე, ხომ არ მიმდინარეობს ნატო-ში დისკუსია ღია კარის პოლიტიკის გააქტიურებასა და საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე, აპატურაიმ განაცხდა, რომ ღია კარის პოლიტიკაზე საუბარი არ არის უბრალო განცხადება.
„საქართველოსთვის მაპ-ის გადაცემის ზუსტი თარიღის დასახელება რა თქმა უნდა არ შემიძლია. თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აქ, ნატო-ში, ნამდვილად მიმდინარეობს აქტიური დისკუსია ღია კარის პოლიტიკის შესახებ და ეს არ არის უბრალო განცხადება, რომელსაც ყოველ სამ თვეში ერთხელ ვაკეთებთ.
როგორ წავწევთ ამ საკითხს, როგორ ვაქცევთ რეალობად, როგორ დავეხმარებით პარტნიორებს, ეს არის ის, რასაც ახალ იმპულსს მივცემთ მომდევნო თვეებში. დარწმუნებული ვარ, 2021 წლის სამიტზე ღია კარის პოლიტიკა იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სამიტის კომუნიკეს მომზადებისას განიხილავენ“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.