ჯეიმს აპატურაი - ჩვენ გვსურს, საქართველოსთან ერთად მეტი გავაკეთოთ
ჯეიმს აპატურაი - ჩვენ გვსურს, საქართველოსთან ერთად მეტი გავაკეთოთ

ჩვენ ველოდებით მომავალი წლის ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს, გვაქვს უკვე პროგრესი. წვრთნები მომავალ წელს ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდი ჩართულობით ჩატარდება, – ამის შესახებ ამის შესახებ პირველ არხს ნატო-ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განუცხადა.

როგორც ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობაზე იყო მსჯელობა.

„ძალიან ბევრი იდეაა, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუმა საქართველოს მთავრობის სახელით წარმოადგინა და განხორციელდა. იმპლემენტაციას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ. ძალიან ბევრი რამ ხდება ამ მიმართულებით. მაგალითად, სანაპირო დაცვის წვრთნა, ნატო-ს წარმომადგენლობის ზრდა, ინფორმაციის უკეთ გაცვლა. ჩვენ ეს განვახორციელეთ, მაგრამ კიდევ ბევრი იდეაა მის სიაში. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არ არის იმაზე უკეთესი სიტუაცია, ვიდრე ადრე იყო. მოკლედ, ეს არის ის, რაზეც ჩვენ გვსურს ყურადღება გავამახვილოთ. მეორე, ჩვენ განვიხილავთ ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობას. ამ პაკეტის ელემენტების ნაწილის განხორციელება მომავალ წელს დასრულდება. გავაკეთეთ და განვახორციელეთ ის, რაც მიზნად გვქონდა დასახული და დარჩენილი ნაწილის განხორციელებას გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ ველოდებით მომავალი წლის ნატო- საქართველოს ერთობლივ წვრთნებს. ჩვენ გვაქვს უკვე პროგრესი. წვრთნები მომავალ წელს ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდი ჩართულობით ჩატარდება. ჩვენ ვნახავთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახალი. ჩვენ არ გვინდა, ვიჩქაროთ. ახლა ვიწყებთ ამ თემაზე მსჯელობას”, – განაცხადა აპატურაიმ.

მისივე თქმით, ორი წლის განმავლობაში ახალ იდეებზე მსჯელობა დაიწყება.

„როგორც აღვნიშნე, ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების და პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების ნაწილი მომავალი 2 წლის განმავლობაში დასრულდება და ჩვენ გვსურს ვისმჯელოთ და დავგეგმოთ ერთად კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. ახალ იდეებზე მსჯელობა დაიწყება. ვფიქრობ, რომ მიმართულება იქნება რეფორმების უკეთესი მხარდაჭერა. ეს ეხება ბევრ სფეროს, სადაც საქართველო უკვე სარგებლობს ნატო-ს მხარდაჭერით. ნატო საქართველოს ეხმარება არამარტო სამხედრო სფეროში, არამედ უფრო ფართოა ეს დახმარება და მოიცავს თავდაცვის სექტორს. ძალიან ბევრ რამეს უკვე ვაკეთებთ და შეიძლება დამატებით ბევრი პრაქტიკული რამ იყოს, რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მუშაობა გაგრძელდება, არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება გაგრძელდება და ჩვენ გვსურს, საქართველოსთან ერთად მეტი გავაკეთოთ”, – განაცხადა აპატურაიმ.