ჯეიმს აპატურაი - არ დავუშვებთ, რომ რუსეთს ჰქონდეს ნატო-ში ვეტოს უფლება
ჯეიმს აპატურაი - არ დავუშვებთ, რომ რუსეთს ჰქონდეს ნატო-ში ვეტოს უფლება

ნატო-ს არც ერთი წევრისთვის არაა მისაღები, რომ რუსეთს ჰქონდეს ნატო-ში ვეტოს გამოყენების უფლება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მიერ ნატო-ს საქართველოში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველო გაყოფილია, ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა ამბობდა და ამბობს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ეს ჩვენი შეთანხმების დამრღვევი ფაქტორი არ გამხდარა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და უნდა გვახსოვდეს. მეორე საკითხი, რა თქმა უნდა ეს სირთულეა და როგორ არ არის ეს სირთულე მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ნების გარეშე დგანან რუსეთის შეირაღებული ძალები და თავის მხრივ, ამ რეგიონების უფრო და უფრო მეტი ინტეგრაცია ხდება რუსეთთან და ა.შ. შეუძლებელია ამის გაუთვალისწინებლობა. ახლა დავუბრუნდები იმ საკითხს, საიდანაც საუბარი დავიწყე – ამ ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის ვამბობდით და ბოლო სამიტზეც ვთქვით, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია. ახლა კითხვა შემდეგნაირად არის დასმული – როგორ წავიდეთ წინ“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

მისი თქმით, ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანებას სამი ძირითადი ელემენტი აქვს.

„პირველი, ქვეყანა უნდა იყოს სტანდარტების მიხედვით გაწევრიანებისთვის მზად. ამაზე ვმუშაობთ, გვაქვს პროგრესი და გავაგრძელებთ მუშაობას. მეორე, ნატო უნდა იყოს მზად. ჩვენ ჯერ არ გვაქვს კონსენსუსი. მესამე, ახალი წევრის მიღებამ წვლილი უნდა შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში. გვსურს, საქართველო დავუახლოოთ ნატო-ში წევრობას ისე, რომ არ დავძაბოთ უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონისა და ნატო-სთვის. რა თქმა უნდა, ამას აქვს კავშირი რუსეთთან. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ნატო-ს გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ურთიერთობების საერთო მდგომარეობა არის ამ ყველაფრისთვის კონტექსტი. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? უნდა ვიმუშაოთ ორ საკითხზე. უნდა ვიმუშაოთ მზაობაზე და ამას ვაკეთებთ, მაგრამ ასევე უნდა ვიმუშაოთ პოლიტიკურ გარემოზე და ორივე სწორი მიმართულებით წავიყვანოთ წინ. ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა აპატურაიმ.

როგორც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ნატო-ში ყველა აღიარებს, რომ საქართველოს აქვს წინსვლა, პროგრესი, აგრძელებს რეფორმებს. მისივე თქმით, ნატო-ში ასევე აღიარებენ, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს სურს რეფორმების გაგრძელება.

„ეს კარგია საქართველოსთვის და ჩვენც ვაგრძელებთ მხარდაჭერას“, – ამბობს აპატურაი.

ჯეიმს აპატურაიმ ​ნატო-ზე რუსეთის შესაძლო გავლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ალიანსის წევრებისთვის არ არის მისაღები, რომ რუსეთს „ვეტოს უფლება“ ჰქონდეს.

„ალიანსის წევრები ასევე აღიარებენ იმასაც, რომ ეს დამოკიდებულება განაპირობებს რუსეთის მხრიდან ნატო-ში ახალი წევრების მიღებაზე ძალადობის გამოყენებით ვეტოს დადებას. ნატო-ს არც ერთი წევრისთვის არაა მისაღები, რომ რუსეთს ჰქონდეს ნატო-ში ვეტოს გამოყენების უფლება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მიდის მსჯელობა, წევრებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს არ შეიძლება იყოს საბოლოო შედეგი, ვინაიდან ეს წაახალისებს ნებისმიერ ქვეყანას, რომ განახორციელოს სამხედრო ქმედებები, რათა შეუშალოს ხელი ქვეყნის ნატო-სთან დაახლოებას. ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა აპატურაიმ.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, საქართველოს ნატო-ში სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ისაუბრებდა.