ჯეიკ სალივანი - თეთრი სახლი ორიენტირებულია უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებაზე აშშ-ის კონგრესის მიერ, გეგმა „ბ“ არ არსებობს
ჯეიკ სალივანი - თეთრი სახლი ორიენტირებულია უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებაზე აშშ-ის კონგრესის მიერ, გეგმა „ბ“ არ არსებობს

თეთრი სახლი ორიენტირებულია უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებაზე აშშ-ის კონგრესის მიერ, გეგმა „ბ“ არ არსებობს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ კვლავ შეგვიძლია და მივაწოდებთ დახმარებას უკრაინას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მხარდაჭერა და ეს არის ყველა მოკავშირის პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა სალივანმა.

სალივანის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესი დათანხმდეს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას უახლოეს მომავალში. მისივე განცხადებით, ნატო ვერ ხედავს გარდაუვალ საფრთხეს ნატო-ს რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე სალივანმა უპასუხა, რომ ეს უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა.

„ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელიც სუვერენულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს. ცხადია, არჩეულმა ლიდერმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, არჩევანი იმის თაობაზე, თუ ვინ დაიკავებს სამხედრო ხელმძღვანელობის ზედა საფეხურებს. მე მხოლოდ ის შემიძლია, ვთქვა, რომ აშშ-ის მხრიდან, ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა როგორც უკრაინის მთავრობის, ასევე უკრაინის სამხედრო ძალების, მაგრამ საკადრო გადაწყვეტილებებს უკრაინელებს მივანდობთ. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი ვაშინგტონიდან ან ბრიუსელიდან“, – განაცხადა სალივანმა.