ჯეიკ სალივანი - „რეფერენდუმები“ იქნება სრული მანიპულაცია, რომელსაც რუსეთი ტერიტორიების ანექსიის საბაბად იყენებს, ამ სცენარის განხორციელება მას ძვირი დაუჯდება
ჯეიკ სალივანი - „რეფერენდუმები“ იქნება სრული მანიპულაცია, რომელსაც რუსეთი ტერიტორიების ანექსიის საბაბად იყენებს, ამ სცენარის განხორციელება მას ძვირი დაუჯდება

ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიას, ამ სცენარის განხორციელება რუსეთს ძვირი დაუჯდება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

სალივანის თქმით, „რეფერენდუმები“ იქნება სრული მანიპულაცია, რომელსაც რუსეთი ტერიტორიების ანექსიის საბაბად იყენებს.

„როგორც ბოლო თვეების განმავლობაში ვაფრთხილებდით, რუსეთი, როგორც ჩანს, მის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე ფსევდორეფერენდუმის ჩატარებისთვის ემზადება, იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ახლა არც კი აკონტროლებს, რაც პირდაპირ აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს. ჩვენ ვიცით, რომ ეს „რეფერენდუმები“ იქნება სრული მანიპულაცია და რუსეთი მას ტერიტორიების ანექსიის საბაბად იყენებს. მკაფიოდ ვიტყვი, თუ ეს ქმედება განხორციელდება, ამერიკა არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიებზე, რომლების ანექსიასაც ის შეეცდება. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ ტერიტორიებს, გარდა როგორც უკრაინის ტერიტორიებისა“, – განაცხადა სალივანმა.

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართება.