ჯეიკ სალივანი - იემენელ „ჰუსიტებს“ აშშ ტერორისტთა სიაში დააბრუნებს
ჯეიკ სალივანი - იემენელ „ჰუსიტებს“ აშშ ტერორისტთა სიაში დააბრუნებს

ამერიკის შეერთებული შტატები იემენელ „ჰუსიტებს“ ტერორისტთა სიაში დააბრუნებს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის თქმით, ეს არის პასუხი ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მხრიდან წითელ ზღვაში განხორციელებულ თავდასხმებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტების მიერ „ჰუსიტების“ ანგარიშების გაყინვასა და მათი ოჯახის წევრების აშშ-ში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.

როგორც ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებული თავდასხმები მიწოდების ჯაჭვებზე გავლენას თვეების განმავლობაში იქონიებს.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმა ნოემბრის თვეში, ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ დაიწყეს. „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ისინი პალესტინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად მოქმედებენ. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ თავდასხმებმა შეანელა ვაჭრობა აზიასა და ევროპის ქვეყნებს შორის, რამაც შეშფოთება გამოიწვია დიდ სახელმწიფოებში.