ჯეიკ სალივანი - აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია
ჯეიკ სალივანი - აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ დაუფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი.

სალივანმა ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შესახებ ისაუბრა, რომელიც რამდენი დღის წინ შედგა.

„წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ პრეზიდენტების საუბრის შემდეგ, სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა და ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად დააფიქსირა სი ძინპინთან საუბრისას ამერიკის პოზიცია და ის შედეგები, რაც სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას მოჰყვება და ვფიქრობ, ისინი ამას ძალიან კარგად იგებენ“, – განაცხადა სალივანმა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა აქვე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტზე ევროპაში.

„პრეზიდენტი ნატო-ს საგანგებო სამიტს დაესწრება, შემდეგ შეუერთდება დიდი შვიდიანის ლიდერებს, ასევე მიმართავს ევროკავშირის წევრებს. მას შესაძლებობა ექნება, პარტნიორებთან განიხილოს უკრაინის სამომავლო სამხედრო დახმარების, ასევე რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი. ასევე, ის განცხადებას გააკეთებს, რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების შესამცირებლად ერთობლივი მოქმედებების შესახებ“, – განაცხადა სალივანმა.