ჯეიკ სალივანი - აშშ-ის დახმარების გარეშე ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ
ჯეიკ სალივანი - აშშ-ის დახმარების გარეშე ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ

აშშ-ის დახმარების გარეშე ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს ეწურებათ საბრძოლო მასალა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანმა კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, მაიკ ჯონსონს მოუწოდა, კანონპროექტი კენჭისყრამდე სწრაფად მიიტანოს და გამოთქვა იმედი, რომ მას ორივე მხარის წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს.

„ზარალს ყოველდღე განიცდიან როგორც უკრაინელები, ასევე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. ფსონები ყოველდღიურად მატულობს, ისევე როგორც ჩვენი უმოქმედობის ხარჯები, განსაკუთრებით, უკრაინაში. ჩვენ სულ უფრო მეტ ცნობებს ვიღებთ, თუ როგორ აგროვებენ ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელები საბრძოლო მასალას ან მათ საბრძოლო მასალები საერთოდ რომ არ აქვთ. რუსები აგრძელებენ სახმელეთო და საჰაერო შეტევას, ცდილობენ, გაანადგურონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, რომლის განვითარებაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა სალივანმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დღეს განაცხადა, რომ სენატის მიერ დამტკიცებული კანონს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს, კონგრესი არ დაამტკიცებს და ამის მიზეზი არის ის, რომ კანონში არ შევიდა აშშ-ის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.