ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 44-დღიანი ომის დროს ემანუელ მარკონმა ილჰამ ალიევს უთხრა, რომ ომი თუ არ შეწყდებოდა, საფრანგეთი მთიან ყარაბაღს აღიარებდა
აზერბაიჯანს და სომხეთს შორის 44-დღიანი ომის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ილჰამ ალიევს რამდენჯერმე დაურეკა და ემუქრებოდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა აზერბაიჯანის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა დაიწყო და, სამხედრო წარმატებების მიღწევის კვალდაკვალ, ეს ზეწოლა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა და საფრთხეებამდეც კი მივიდა.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა გვითხრა: „დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ“. მაკრონმა თქვა, რომ ეს თუ არ მოხდება, საფრანგეთი აღიარებს მთიან ყარაბაღს. მან მაშინვე მიიღო პასუხი აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრანგულ მხარეს შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლიდა. მათ შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ აზერბაიჯანი დაუყოვნებლივ გაწყვეტდა ყველანირ დიპლომატიურ ურთიერთობას საფრანგეთთან“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2018 წელს ბაქო, ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, სომხეთის ახალი მთავრობისგან კონსტრუქციულ მიდგომას იმედოვნებდა, თუმცა ეს იმედი სწრაფად გაქრა სომხური მხარის მხრიდან მუდმივი სამხედრო და პოლიტიკური პროვოკაციების გამო.
ბაირამოვმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთის საიდუმლო გეგმა გაამხილა და აღნიშნა, რომ მოსკოვის გეგმის მიღების შემთხვევაში ეს ყველაფრის დასასრული იქნებოდა, სიტუაცია გაიყინებოდა და აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლება შეუძლებელი გახდებოდა.
„მოლაპარაკებების დაწყებისთანავე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მხარეებს წარუდგინა დოკუმენტი – მზა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. მასში შემოთავაზებული იყო, 9 ოქტომბრის შუაღამისას შეწყვეტილიყო ყველა სამხედრო მოქმედება შეხების ხაზზე. რუსი სამშვიდობოები განლაგდებოდნენ აზერბაიჯანის არმიასთან ერთად ხაზის აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო რუსი სამშვიდობოები და სომხეთის შეიარაღებული ძალები – დასავლეთ მხარეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ძალების გაყვანისა და რაიმე დამატებითი პირობების გარეშე, რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდებოდნენ“, – აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.