ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შედეგს თუ გადავხედავთ, მინდა, აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოში ნომერ პირველი ინვესტორები არიან
ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შედეგს თუ გადავხედავთ, მინდა, აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოში ნომერ პირველი ინვესტორები არიან

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შედეგს თუ გადავხედავთ, მინდა, აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოში ნომერ პირველი ინვესტორები არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტები ენერგეტიკულ და გეოეკონომიკურ რუკას ცვლის.

„ბაქოში ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შედგება. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანისა და საქართველოს სამთავრობოთა კომისიების მეათე, საიუბილეო შეხვედრა გაიმართება. მინდა, ასევე ვისაუბრო პარლამენტებს შორის ურთიერთობებზე, ხელმძღვანელებს შორის არსებულ საქმიან და გულთბილ ურთიერთობებზე, მეგობრობის ჯგუფებს შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობაზე. ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროები, ყოველთვის რეგულარულად ვეკონტაქტებით ერთმანეთს.

2024 წელს ვიყავი საქართველოში და ყოველ წელს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის არსებობს პოლიტიკური დიალოგის მექანიზმი, ყოველწლიურად იმართება შეხვედრები და მიგვაჩნია, რომ ეს და სხვა კონტაქტები საკმაოდ მნიშვნელოვანია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შედეგს თუ გადავხედავთ, სიამოვნებით მინდა, აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა, აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოში ნომერ პირველი ინვესტორები არიან. ამ პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანული კომპანიების მიერ 3.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია არის განხორციელებული საქართველოში. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს თუ გადავხედავთ, 2024 წლის მონაცემებით, ბრუნვამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად არ ასახავს ჩვენს პოტენციალს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ არსებული დინამიკა  გვაკმაყოფილებს და ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტ ციფრებზე ვისაუბრებთ.

ამავე დროს, აქ მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ჩვენ ეკონომიკურ სფეროში გვაქვს კარგი ურთიერთობები. ჩვენი ქვეყნების მონაწილეობით რეგიონში, ამ გეოგრაფიულ არეალზე გლობალური პროექტები განვახორციელეთ. ისინი არა მარტო ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებისთვის, ჩვენი ადამიანების კეთილდღეობისთვის კეთდება, არამედ ენერგეტიკულ და გეოეკონომიკურ რუკას ცვლის. გვაქვს ასევე ფლაგმანი პროექტები, ეს არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. მინდა, აღვნიშნო ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზის პროექტი და წარმატებით რეალიზებული სამხრეთის გაზის კორიდორი. 2024 წელს კორიდორის გაფართოებასთან დაკავშირებით ბევრი სამუშაო გავწიეთ. ამასთან, უნდა აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტიც. აქ ტვირთების გადაზიდვის გამტარობა 5 მილიონიდან 10 მილიონამდე გავზარდეთ, ამ მხრივ, ეს მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც აღვნიშნე, ამ პროექტებს უკვე ისტორიული როლი გააჩნიათ ჩვენი ქვეყნების და უფრო ფართო გეოგრაფიისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა“, – აღნიშნა ბაირამოვმა.