ჯეიჰუნ ბაირამოვი - ნავთობისა და გაზის მილსადენების საშუალებით აზერბაიჯანმა და საქართველომ, თურქეთთან ერთად, შეცვალეს რეგიონის მთელი რუკა
ნავთობისა და გაზის მილსადენების საშუალებით აზერბაიჯანმა და საქართველომ, თურქეთთან ერთად, შეცვალეს რეგიონის მთელი რუკა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ელემენტებიდან საუკეთესო გზა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობებია.
„აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ელემენტებიდან საუკეთესო გზა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის არის კარგი ურთიერთობები მეზობლებთან და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტეგრაცია. ვგულისხმობ არა მხოლოდ ტრანსპორტს, ტრანზიტს, არამედ ასევე ენერგეტიკულ პროექტებს, ელექტროენერგიას, კაბელებს და ა.შ. ასე რომ, ეს არის ისეთი რამ, რაც, კარგი გაგებით, ურთიერთდამოკიდებულს გხდით მეზობელ ქვეყნებთან.
ეს არის ის, რაც წარმატებით განახორციელა აზერბაიჯანმა ყველა მეზობელ ქვეყანასთან. აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფანზე როდესაც ვსაუბრობთ, რაც, მაგალითად, აზერბაიჯანმა და საქართველომ თურქეთთან ერთად გააკეთა, ეს არის ისეთი რამ, რითიც შევცვალეთ რეგიონის მთელი რუკა. ძირითადი ნავთობისა და გაზის მილსადენები, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფანი – ყველაზე ბოლო მაგალითი. ეს დადებითი იყო ჩვენი ხალხისა და საზოგადოებების კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ბაირამოვმა.