ჯეიჰუნ ბაირამოვი – მიღწეულია შეთანხმება, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან დაიწყება

15:45, 09.09.2026

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან დაიწყება.

ამის შესახებ ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებს „ბაქოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განუცხადა.

ბაირამოვის განცხადებით, საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სახელმწიფო კომისიაში აზერბაიჯანის დელეგაციის შემადგენლობა არ შეცვლილა და კომისიას ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, გასული პერიოდის განმავლობაში ორი ქვეყნის კომისიებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა, ხოლო აზერბაიჯანსა და სომხეთში მიღებული და დამტკიცებული იყო არაერთი დოკუმენტი, რომლებიც კომისიების საქმიანობას არეგულირებს.

„მიღწეულია შეთანხმება იმ მიმართულების შესახებ, რომლითაც ჩვენი საერთო საზღვრის დელიმიტაცია უნდა წარიმართოს. ასევე მიღწეულია შეთანხმება და არსებობს ურთიერთგაგება, რომ სამუშაოები ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით უნდა განხორციელდეს და წინ წაიწიოს დაწყებული ყველაზე რთული, ჩრდილოეთის მონაკვეთიდან, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან“, – განაცხადა მინისტრმა.

ბაირამოვმა აღნიშნა, რომ უფრო კონკრეტული საკითხები დელიმიტაციის კომისიების მუშაობის ფარგლებში განიხილება და გადაწყდება.

მსგავსი