ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია
ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია

აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„აზერბაიჯანის მიერ ჩატარებულმა ანტიტერორისტულმა ღონისძიებებმა დასახულ მიზნებს მიაღწია. სომხეთი და მისი დაქვემდებარებული არალეგალური რეჟიმი იძულებული გახდნენ, დათანხმებულიყვნენ განიარაღებაზე, დაეშალათ ყველა უკანონო სტრუქტურა და დაეტოვებინათ აზერბაიჯანი. მიზეზი იმისა, რომ ეს არ მოხდა მშვიდობიანად, მდგომარეობს სომხეთის მხრიდან თავხედურ უგულებელყოფაში და ჩართული მესამე მხარის, ფასილიტატორების მხრიდან ადეკვატური ქმედებების არარსებობაში“, – აცხადებს ბაირამოვი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ მტკიცედ სჯერათ, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამყარდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები და მშვიდობიანად იარსებონ გვერდიგვერდ, როგორც ორმა სუვერენულმა სახელმწიფომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამასთან, როგორც ბაირამოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანი დაჰპირდა ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს, რომ დაიცავენ მათ უფლებებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეძლებენ ტერიტორიის დატოვებას.