ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების მახასიათებელია საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს
ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების მახასიათებელია საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯან-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებული საკითხებიც.

„ვგულისხმობ უსაფრთხოების გარემოს, სომხეთს, პოსტკონფლიქტურ პერიოდს და ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის ურთიერთობების მახასიათებელია საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები. ერთ-ერთი მომენტი შედგება იმისგან, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იცავს საერთაშორისო სამართალის ნორმებს და ყოველთვის მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

სამწუხაროდ, სომხეთთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მიმართებაში ამას ვერ ვიტყვით და ამის შედეგია, რომ მრავალი წლის განმავლობაში სომხეთმა მოახდინა ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიების, მხოლოდ 2020 წელს, 44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა და 2023 წელს ერთდღიანი ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მთლიანად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

ამასთან, ბაირამოვმა ისაუბრა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანი ამას აკეთებს როგორც აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით, ასევე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

„ჩვენი ტერიტორიები მრავალი წლის განმავლობაში ოკუპირებული იყო, ჩვენ გვყავდა მილიონობით ლტოლვილი, ჩვენი ხალხის მიმართ იყო ეთნიკური წმენდა და დანგრეული იყო მთელი ჩვენი კულტურული ძეგლები. ამ ვანდალიზმის მიუხედავად, აზერბაიჯანის სახელმწიფო სომხეთს ამ სისხლიანი ისტორიის შემდეგ სთავაზობს სამშვიდობო შეთანხმებას. ჩვენ ამას, ერთი მხრივ, ვაკეთებთ აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით და, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის, ინკლუზიური განვითარების მიზნით იყო ეს ინიციატივა ჩვენგან წამოსული.

ბოლო ოთხი წლის ისტორიას თუ გადავხედავთ, სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული წარმატებები, ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციის პროცესის კონტექსტში შედეგები, მაგრამ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სომხეთის კონსტიტუციაში და სხვა საკანონმდებლო აქტებში აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს მუქარა.

სომხეთში სწრაფი მილიტარიზაცია მიმდინარეობს, რევანშისტული მისწრაფებები საკმაოდ სერიოზულია და ეს ჩვენში სერიოზულ კითხვებს ბადებს. ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ბრუნდებიან ჩვენი ლტოლვილები, მაგრამ იქ არის ნაღმების საშიშროება და ამის შესახებ ჩემს კოლეგას ინფორმაცია მივაწოდე“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.