ჯეი დი ვენსი - ვაცნობიერებთ, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ეს არ არის ჩვენი ომი, ვცდილობთ დასრულებას, მაგრამ თუ ვერ დავასრულებთ, ვიტყვით, ღირდა ცდად, მაგრამ აღარ ვაკეთებთ ამას
ჯეი დი ვენსი - ვაცნობიერებთ, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ეს არ არის ჩვენი ომი, ვცდილობთ დასრულებას, მაგრამ თუ ვერ დავასრულებთ, ვიტყვით, ღირდა ცდად, მაგრამ აღარ ვაკეთებთ ამას

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ვენსის თქმით, პუტინს არ სურს, გამოვიდეს რუსეთი ამ ომიდან.

„ჩვენ გვინდა შედეგების ხილვა და პირველი მნიშვნელოვანი შედეგი, რომლის ხილვაც გვსურდა და რამაც გაგვახარა იყო ის, რომ რუსებსა და უკრაინელებს რეალური სამშვიდობო წინადადება წარმოედგინათ. ანუ რა უნდა გაკეთდეს ბრძოლის შესაწყვეტად? ეს მოხდა; მეორე რამ არის ის, რომ ისინი უნდა დათანხმებულიყვნენ პირდაპირ მოლაპარაკებებს. ეს მხარეები წლების განმავლობაში არ საუბრობდნენ. ვფიქრობდით, რომ ეს სამარცხვინო იყო. ახლა ეს მოხდა, მაგრამ ახლა მოლაპარაკებები უკვე გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობს, ვაცნობიერებთ, რომ გარკვეული ჩიხია. ვფიქრობ, პრეზიდენტი ეტყვის პრეზიდენტ პუტინს: „სერიოზულად ხარ განწყობილი? რეალურად გინდა ეს?“ რადგან შეერთებული შტატების წინადადება ყოველთვის იყო ასეთი: „ნახეთ, არსებობს ბევრი ეკონომიკური სარგებელი რუსეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის ურთიერთობების დათბობის შემთხვევაში, მაგრამ ამ სარგებელს ვერ მიიღებთ, თუ გააგრძელებთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას. თუ მზად ხართ, შეწყვიტოთ მკვლელობა, შეერთებული შტატები მზადაა, იყოს მშვიდობის პარტნიორი“. ეს იყო წინადადება რუსებისთვის, უკრაინელებისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვა, მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში მყოფი ქვეყნებისთვისაც“, – თქვა ვენსმა.

ჯეი დი ვენსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი არაა მზად, ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში, მაშინ აშშ გავა ამ პროცესიდან, რადგან ეს „მისი ომი არაა“.

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივადექით წერტილს, სადაც ჩიხში შევდივართ და სწორედ ამიტომ ესაუბრება მას პრეზიდენტი ტელეფონით. დიახ, მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ზუსტად არ იცის, როგორ გამოვიდეს ომიდან. თუ ამაზე დავფიქრდებით, მას მილიონი ადამიანი ჰყავს იარაღით ხელში. მან მთელი რუსეთის ეკონომიკა გადააწყო. იქ, სადაც ადრე საწარმოო დაწესებულებები იყო და სადაც აწარმოებდნენ პროდუქტებს, რომლებსაც ადამიანები იყენებდნენ სამოქალაქო ცხოვრებაში, ახლა ტანკის ჭურვებს, საარტილერიო ჭურვებს და დრონებს ამზადებენ. ასე რომ, ეს ჩემი ვარაუდია და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტიც დამეთანხმება: დარწმუნებული არ ვარ, რომ ვლადიმერ პუტინს თავად აქვს სტრატეგია იმის თაობაზე, თუ როგორ შეაჩეროს ომი. რა თქმა უნდა, ეს უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება. ვფიქრობ, ეს ასევე ,უბრალოდ, ოდნავ იმის გამოხატულებაა, რომ არსებობს ფუნდამენტური უნდობლობა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს ერთ-ერთი რამაა, რასაც პრეზიდენტი გულწრფელად სისულელედ მიიჩნევს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს წარსულში დაშვებული შეცდომების მიღმა გასვლა, მაგრამ ამისთვის ორი მხარეა საჭირო. ვიცი, რომ პრეზიდენტს სურს ამის გაკეთება, მაგრამ თუ რუსეთს არ სურს, მაშინ ბოლოს უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ჩვენი ომი. ეს ჯო ბაიდენის ომია, ეს ვლადიმერ პუტინის ომია. ეს არ არის ჩვენი ომი. ჩვენ ვცდილობთ ამის დასრულებას, მაგრამ თუ ვერ დავასრულებთ, ბოლოს ვიტყვით: იცით რა? ეს ღირდა ცდად, მაგრამ აღარ ვაკეთებთ ამას“, – განაცხადა ვენსმა.