ჯეი დი ვენსი – არ მიმაჩნია, რომ უკრაინა ნატო-ს უნდა შეუერთდეს

11:19, 20.10.2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს არ უნდა შეუერთდეს.

„უკრაინა ნატო-ს წევრი არ არის. არ მიმაჩნია, რომ ის ნატო-ს უნდა შეუერთდეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც დიდ პატივისცემას იმსახურებს, მშვენიერი ქვეყანა, სადაც უამრავი შესანიშნავი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ გარკვეულ საკითხებზე ვითანამშრომლებთ, თუმცა სხვა საკითხებზე ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინა შეერთებული შტატების მოკავშირე, ვენსმა უპასუხა, რომ „გარკვეული გაგებით, ისინი უდავოდ პარტნიორები არიან“.

„თუმცა, ვფიქრობ, რომ დროდადრო ჩვენს ინტერესებს შორის გარკვეული განსხვავებებია. მაგალითად, მიმაჩნია თუ არა, რომ მათ რუსულ დიზელის საწვავის ობიექტებს უნდა დაარტყან, რაც ამერიკელებისთვის ენერგიის ფასს ზრდის? არა. რა თქმა უნდა, ჩვენ მათთან გარკვეულ საკითხებზე ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. თუმცა, ვფიქრობ, მათ რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები უნდა შეწყვიტონ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ტერმინი „პარტნიორი“ „მოკავშირესთან“ შედარებით ნაკლებად მჭიდრო ურთიერთობას, ვენსმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასთან ოფიციალური სამოკავშირეო ურთიერთობა არ აქვს.

მსგავსი