ჯეი დი ვენსი - ნამდვილად მჯერა, რომ ევროპაში მშვიდობის მიღწევის ზღვარზე ვართ, რადგან ოვალური კაბინეტიდან გვყავს ისეთი ხელმძღვანელობა, როგორიც ოთხი წლის განმავლობაში არ გვყოლია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრული ახლოსაა.
აღნიშნულის შესახებ ვენსმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) განაცხადა.
„ტრამპი როდესაც მოლაპარაკებებზე მიდის, ამბობს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა. რა თქმა უნდა, ეს ამერიკულ მედიაში აღშფოთებას იწვევს, რადგან ისინი კითხულობენ, რატომ ესაუბრებით რუსეთს? როგორ უნდა დაასრულოთ ომი რუსეთთან საუბრის გარეშე? კონფლიქტის დასრულება რეალურად თუ გსურთ, უნდა ისაუბროთ ყველასთან, ვინც მონაწილეობს ბრძოლაში. მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ამას აკეთებს. მშვიდობა ამერიკელი ხალხის ინტერესებშია და ტრამპი აპირებს ამისთვის ბრძოლას თავისი ადმინისტრაციის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. სადაც კი ომი დაიწყება, ის იქნება მშვიდობის პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ტრამპი არის ძალიან კარგი მომლაპარაკებელი, ძალიან კარგი ბიზნესმენი. ტრამპი აღიარებს, რომ ბევრი საკითხი რთულია. ამ ყველაფრის მოგვარებას ჭკვიანი სახელმწიფო მოღვაწე დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ასეთი თეთრ სახლში გვყავს. ნამდვილად მჯერა, რომ ევროპაში მშვიდობის მიღწევის ზღვარზე ვართ პირველად სამი წლის განმავლობაში, რადგან ოვალური კაბინეტიდან გვყავს ისეთი ხელმძღვანელობა, როგორიც ამ ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში არ გვყოლია. ძნელი დასაჯერებელია, რომ მხოლოდ ერთი თვეა, თანამდებობაზე ვართ, რადგან, ვფიქრობ, ერთ თვეში უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ბაიდენმა დაახლოებით ოთხ წელიწადში. მადლობა ღმერთს ამისთვის“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
რაც შეეხება მიგრაციის საკითხს, ვენსმა აღნიშნა, რომ ეს დიდი საფრთხეა როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის.
„ევროპაში ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ დასავლეთის ლიდერებმა გადაწყვიტეს, თავიანთ ქვეყნებში მილიონობით შეუმოწმებელი უცხოელი მიგრანტი შეეშვათ. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი საფრთხე შეერთებულ შტატებშიც დაახლოებით 30 დღის წინ. ეს არის უდიდესი საფრთხე ევროპისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვა, კვლავ უდიდეს საფრთხედ რჩება შეერთებული შტატებისთვისაც. გარანტიას გაძლევთ, რომ დემოკრატები ოდესმე კიდევ თუ მოიპოვებენ ძალაუფლებას, ისინი კვლავ შეეცდებიან ამის გაკეთებას“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.