ჯეი დი ვენსი - გაიხსნება სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც ღაზის რეკონსტრუქციას დაიწყებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, შეიქმნება სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც ღაზის რეკონსტრუქციას დაიწყებს. რაც შეეხება ზავს, ჯეი დი ვენსის თქმით, „ძალიან ოპტიმისტურად“ არის განწყობილი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაგრძელდება.
ამის შესახებ ვენსმა ისრაელში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, იყოს ისეთი მოვლენები, როდესაც ყველაფერი კარგად არ წარიმართება და მედიაცია, მონიტორინგი გახდება საჭირო, თუმცა ახლა ძალიან იმედიანადაა.
„შემიძლია თუ არა ვთქვა 100%-იანი სიზუსტით, რომ ყველაფერი იმუშავებს? არა, მაგრამ რთულ საკითხებს მხოლოდ მაშინ არ ეჭიდები, როდესაც 100%-ით ხარ დარწმუნებული“, – აღნიშნა ვენსმა.
ამასთან, ვიცე-პრეზიდენტმა გააკრიტიკა ამერიკული და „დასავლური მედიასაშუალების უცნაური დამოკიდებულება ცეცხლის შეწყვეტის მიმართ“. მისი შეფასებით, ეს მათი მხრიდან „წარუმატებლობისთვის გულშემატკივრობას“ ჰგავს. მისი თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც ცუდი ხდება ან სახეზეა ძალადობის აქტი, იკვეთება „მიდრეკილება“, თქვან, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულია.
ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა თურქეთის კონსტრუქციულ როლზე, რომელსაც ანკარა ამ შეთანხმებაში შეასრულებს.
ამასთან, ჯეი დი ვენსი აღნიშნავს, რომ მძევლების ცხედრების დაბრუნება ერთ ღამეში შეუძლებელია, რადგან ზოგიერთის ცხედარი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი, ზოგის ადგილმდებარეობა კი უცნობია. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მათ მოსაძიებლად მუშაობა შეწყდება.
კითხვაზე, ნამდვილად განიარაღდება თუ არა „ჰამასი“, ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, მშვიდობა გაგრძელდება.
ვენსის თქმით, „ჰამასის“ განიარაღება ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ნაწილია, თუკი ეს არ მოხდება, „ჰამასი“ განადგურდება, თუმცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს რაიმე ვადა არ დაუსახელებია.
რაც შეეხება საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებს, რომელიც, ტრამპის გეგმის მიხედვით, აშშ-მა არაბ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა შექმნას და ღაზის სექტორში განთავსდეს, ჯეი დი ვენსის თქმით, ღაზაში ამერიკული კონტინგენტი არ იქნება წარმოდგენილი, თუმცა ისინი უზრუნველყოფენ „სასარგებლო კოორდინაციას“ ქვეყნებს შორის. მისი თქმით, ერთადერთი რეალური მედიატორი შეერთებული შტატებია.