ჯეი დი ვენსი - ევროპის ქვეყნების უმეტესობას არ ჰყავს არმია, რომელიც მათ გონივრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, მათთვის არ არის კარგი უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს ვასალად ყოფნა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, ევროპა უნდა გააქტიურდეს და იმუშაოს საკუთარ თავდაცვაზე, რადგანაც ევროპის ქვეყნების უმეტესობას არ ჰყავს არმია, რომელიც მათ გონივრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
ვენსის განცხადებით, ამ კუთხით გამონაკლისებია ბრიტანეთი, საფრანგეთი და პოლონეთი, თუმცა ეს ამტკიცებს, რომ ევროპელმა ლიდერებმა უსაფრთხოებაში სათანადო ინვესტიციები არ დააბანდეს, რაც უნდა შეიცვალოს.
„მე არ მსურს, რომ ევროპელებმა მხოლოდ ის აკეთონ, რასაც ამერიკელები ეტყვიან. მე არ მგონია, რომ ეს მათ ინტერესებში იყოს, და ასევე არ მგონია, რომ ეს ჩვენს ინტერესებში შედიოდეს. ევროპისთვის არ არის კარგი უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ვასალად ყოფნა“, – განაცხადა ვენსმა.
ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის მეტი დამოუკიდებლობა აშშ-ისთვისაც დადებითი იქნება. ამ კონტექსტში ჯეი დი ვენსმა ახსენა ერაყის სამხედრო კამპანია.
„ჩემი აზრით, ბევრი ევროპელი მართალი იყო ერაყში შეჭრასთან დაკავშირებით. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ევროპელები უფრო დამოუკიდებლები იქნებოდნენ და უფრო მეტად ექნებოდათ ნება, ხმა აემაღლებინათ, ჩვენ შევძლებდით მთელი მსოფლიოს გადარჩენას იმ სტრატეგიული კატასტროფისგან, რასაც წარმოადგენდა ამერიკის ხელმძღვანელობით ერაყში შეჭრა“, – განაცხადა ვენსმა.
ამავე ინტერვიუში ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ მას უყვარს ევროპა.
„მე მიყვარს ევროპელი ხალხი. მე რამდენჯერმე ვთქვი, რომ ამერიკულ და ევროპულ კულტურას ვერ განაცალკევებ. ჩვენ ვართ ნაწილი იმ ფილოსოფიების, თეოლოგიების და, ცხადია, მიგრაციული სქემების, რომლებიც ევროპიდან მოვიდა და დაუდო საწყისი ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
ვენსის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ევროპას მოკავშირედ მიიჩნევს, თუმცა სურს, რომ ევროპა უფრო დამოუკიდებელი იყოს, რაც გამოხატული იქნება აშშ-ისა და ევროპის უსაფრთხოებისა და სავაჭრო ურთიერთობებში.