ჯეი დი ვენსი – ჩაიდინა თუ არა ჰეგსეტმა ისეთი ქმედებები, რომლებიც იმპიჩმენტს იმსახურებს? ეს კითხვა აბსურდულია, კონგრესში მიმდინარე ბევრი სხვა პროცესის მსგავსად, იმპიჩმენტიც აბსურდულ სპექტაკლად იქცა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა პიტ ჰეგსეტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიციატივა გააკრიტიკა.
„ჩაიდინა თუ არა პიტ ჰეგსეტმა ისეთი ქმედებები, რომლებიც იმპიჩმენტს იმსახურებს? ეს კითხვა აბსურდულია, პასუხი კი ასეთია: რა თქმა უნდა – არა. კონგრესში მიმდინარე ბევრი სხვა პროცესის მსგავსად, იმპიჩმენტიც იქცა აბსურდულ სპექტაკლად, რომელიც რეალურ პოლიტიკურ საქმიანობას ანაცვლებს“, – წერს ვენსი სოციალურ ქსელში.
ვენსის თქმით, პოლიტიკურ უთანხმოებებზე საპასუხოდ იმპიჩმენტის გამოყენება არასწორი გზაა.
„კანონების მიღება რთულია, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება კი მარტივი (და, საბოლოო ჯამში, უშედეგო) საქმეა. ირონია ის არის, რომ კანონმდებლები ჰეგსეტზე ყველაზე მეტად სწორედ იმ საკითხების გამო არიან გაბრაზებული, რომლებშიც ის ყველაზე მეტად მართალია: ევროპისა და უკრაინის მიმართულებიდან ამერიკული სამხედრო ძალების გადანაწილების და მაღალი რანგის სამხედრო პირთა კორპუსის რეორგანიზაციის გამო. ეს ირანს არ უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ჰეგსეტი პენტაგონში დამკვიდრებულ ბიუროკრატიულ სისტემას დაუპირისპირდა“, – წერს ვენსი.
ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ომის მდივნის იმპიჩმენტის მცდელობას „ყურადღების მისაპყრობი პოლიტიკური სვლა“ უწოდა და შეაქო პიტ ჰეგსეტის სიტყვით გამოსვლა.
„ვფიქრობ, მან ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი. ველოდები, რომ ამ ინიციატივას ასე თუ ისე ჩავაგდებთ და ჩვეულ საქმიანობას დავუბრუნდებით. საერთაშორისო კონფლიქტის დროს ომის მდივნის იმპიჩმენტის მცდელობა ჩვენს მტრებსაც და მოკავშირეებსაც საშინელ გზავნილს უგზავნის. ამ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ამ ყველაფრის უკან არანაირი საფუძველი არ დგას. ეს მხოლოდ ყურადღების მისაპყრობად კეთდება და სამარცხვინოა“, – აღნიშნა ჯონსონმა.
ცნობისთვის, კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას მესიმ 9 ნოემბერს პიტ ჰეგსეტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის რვა მუხლი წარადგინა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ჰეგსეტმა ირანის წინააღმდეგ ომი კონგრესის ნებართვის გარეშე დაიწყო და უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.
აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, რესპუბლიკელი კონგრესმენის მცდელობა, დაიწყოს მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა, ფარსია. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პიტ ჰეგსეტი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული და წარმატებული სამხედრო მაღალჩინოსანია, რომელსაც, იმპიჩმენტის გამოცხადების ნაცვლად, ქება ეკუთვნის.