ჯეი დი ვენსი - ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკრაინა ჰგავდა ფულის უცნაურ ორმოს, სადაც ჩვენ ფულს ვყრიდით პრობლემის მოგვარების რეალური გეგმის გარეშე
ჯეი დი ვენსი - ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკრაინა ჰგავდა ფულის უცნაურ ორმოს, სადაც ჩვენ ფულს ვყრიდით პრობლემის მოგვარების რეალური გეგმის გარეშე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის ომის დასრულების გეგმა არ ჰქონდა.

„უკრაინა ჰგავდა ფულის უცნაურ ორმოს, სადაც ჩვენ ფულს ვყრიდით პრობლემის მოგვარების რეალური გეგმის გარეშე“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა USA Today-სთან ინტერვიუში.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამგვარი მიდგომა ყოველთვის მის იმედგაცრუებას იწვევდა.

„ეს ჩემში ყოველთვის იმედგაცრუებას იწვევდა იმაზე მეტად, ვიდრე ზელენსკის მიერ ვაშინგტონისგან დახმარების თხოვნა. ეს იყო ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არ ჰქონდა ომის დასრულების არანაირი გეგმა“, – თქვა ვენსმა.

როგორ ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ზელენსკი ჩადიოდა ვაშინგტონში და მიდიოდა მილიარდობით დოლარით „ყოველგვარი რეალური მიზნის, რეალური დიპლომატიის და იმის გაცნობიერების გარეშე, რის ყიდვას ვაპირებდით ამ ასობით მილიარდი დოლარით“.

ჯეი დი ვენსის თქმით, მას და ტრამპს ზელენსკისთან რამდენიმე კარგი საუბარი ჰქონდათ და ისინი გააგრძელებენ მშვიდობისთვის მუშაობას.

„ამ საკითხზე ჩვენ საკმაოდ თანხვედრაში ვართ პრეზიდენტ ზელენსკისთან. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს გარკვეული უთანხმოებები, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთმა მთელი ქვეყანა დაიპყროს“, – თქვა ვენსმა.

ინტერვიუში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თებერვალში თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შესახებაც ისაუბრა. მან თქვა, რომ თეთრ სახლში საჯარო დაპირისპირება არ სურდა, თუმცა ჯეი დი ვენსის განცხადებით, ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლო იყო ამის ნახვა.

„ზოგჯერ ადამიანები ერთმანეთს არ ეთანხმებიან. თქვენ მეკითხებით, შეცვლიდი თუ არა რაიმეს? მსურდა თუ არა, რომ ოვალურ კაბინეტში საჯარო სკანდალი მომხდარიყო? საერთოდ არა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამან აშშ-სა და უკრაინას შორის არსებული რეალური უთანხმოებების საკითხები გამოავლინა. ვფიქრობ, ამის დანახვა ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლო იყო. ჩვენ ამ საუბრებს გავაგრძელებთ. აშშ-სა და უკრაინას შორის ბევრი საკითხია, რომელზეც ვთანხმდებით, მაგრამ ზოგჯერ არის ჩვენს შორის გარკვეული უთანხმოებების საკითხებიც. ის, რაც ამ ურთიერთობებში ნამდვილად ყოველთვის მაწუხებდა, იყო არა იმდენად უკრაინული, რამდენადაც ამერიკული მხარე, განსაკუთრებით – ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია“, – განაცხადა ვენსმა.