ჯეი დი ვენსი - აშშ-ს სურს უზარმაზარ ფინანსურ ინვესტიციაზე გარკვეული სარგებლის მიღება, აშშ-ის მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფაა, რომ ევროპელები უკეთეს გარიგებას იღებენ
ჯეი დი ვენსი - აშშ-ს სურს უზარმაზარ ფინანსურ ინვესტიციაზე გარკვეული სარგებლის მიღება, აშშ-ის მოქალაქეებისთვის შეურაცხყოფაა, რომ ევროპელები უკეთეს გარიგებას იღებენ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-ს სურს უზარმაზარ ფინანსურ ინვესტიციაზე გარკვეული სარგებლის მიღება.

ვენსმა აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინაში თავიანთი მხარდაჭერისთვის სარგებელს იღებენ.

„ეს უბრალოდ სასაცილოა და, გულწრფელად რომ ვთქვა, შეურაცხყოფა აშშ-ის მოქალაქეებისთვის, რომ ევროპელები უკეთეს გარიგებას იღებენ“, – განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა.

კითხვაზე, განაახლებს თუ არა შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, ვენსი ამბობს, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც კიევი მოლაპარაკებებს დაიწყებს.

„ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდაზეა“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თქმით, წინსვლისთვის მთავარია, რომ კიევმა პირადად მიაწოდოს მათ ინფორმაცია იმ რესურსების შესახებ, რაც მათ სჭირდებათ.

„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, და სწორედ პირადი კომუნიკაციის ნაკლებობა გვაშფოთებს ყველაზე მეტად“, – დასძინა ვიცე-პრეზიდენტმა.

ამასთან, ჯეი დი ვენსს ჟურნალისტმა ჰკითხა, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას, რათა ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს, რადგან, ჟურნალისტის თქმით, ჩანს, რომ უკრაინაზე დიდი ზეწოლაა, ხოლო რუსეთზე – შედარებით ნაკლები.

„სინამდვილეში, არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მრავალი სანქცია. გვჯერა, რომ რუსეთი ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის ამ კონფლიქტის გამო. გვჯერა, რომ ამ კონფლიქტის დასრულება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინისა და შეერთებული შტატების ინტერესებშიც არის. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე ზეწოლის მოხდენა აუცილებელია, რათა შეწყდეს მკვლელობები, რადგან სწორედ ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკა და სწორედ ეს არის ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესებში“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.