ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები თითქმის ნულის ტოლია

23:08, 05.07.2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობები თითქმის ნულის ტოლია.

ჯეი დი ვენსის განცხადებით, დღეს რუსეთი იმ მდგომარეობაშია, როდესაც შეტევითი ოპერაციების შედეგად ბრძოლის ველზე თითქმის ვერაფერს აღწევს, ხოლო უკრაინის წარმატებები ხელს უწყობს იმ პირობების შექმნას, რაც ომის დასრულებისთვის არის საჭირო.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომს როცა სწავლობდა, მისთვის აშკარა იყო, რომ დრონების გავრცელებისა და სათვალთვალო ტექნოლოგიების გავრცელების გათვალისწინებით, უკრაინისთვის უფრო მიზანშეწონილი იყო პოზიციების გამყარება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების დაწყება ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

„2023 წლის ზაფხულს თუ გავიხსენებთ, მაშინ დებატების მთავარი თემა იყო, უნდა ეცადა თუ არა უკრაინას მასშტაბური კონტრშეტევა. პრაქტიკულად, მთელი დასავლური სამყარო, მათ შორის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ზეწოლას ახდენდა უკრაინელებზე, რომ მათ დაეწყოთ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს სტრატეგიული და ტაქტიკური კატასტროფად იყო“, – განაცხადა ვენსმა.

ჯეი დი ვენსის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმ იდეისკენ იხრება, რომ უკრაინელებმა, მოლაპარაკებების პარალელურად, მაქსიმალურად გაამახვილონ ყურადღება თავდაცვაზე.

„ეს მიდგომა ბევრად უფრო შედეგიანი აღმოჩნდა, რადგან თავდაცვაში ყოფნა უფრო მარტივია, ვიდრე შეტევაში. ამან უკრაინელებს საშუალება მისცა, უკეთ გამოეყენებინათ თავიანთი ტაქტიკური უპირატესობა. გულახდილად რომ ვთქვათ, რუსები ახლა ისეთ სიტუაციაში არიან, როდესაც ის, რისი მიღწევაც მათ ხანგრძლივი შეტევითი ოპერაციებით შეუძლიათ – უმნიშვნელოდ მცირეა და ნულს უახლოვდება. ამან შესაძლოა, შექმნას სივრცე, რომელიც ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად გვჭირდება“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მაღალ ფასს იხდის მათ მიერ დაკავებული თითოეული კვადრატული კილომეტრისთვის. მისი თქმით, ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ აშშ-მა და ნატო-მ უკრაინა უფრო თავდაცვაზე კონცენტრაციისკენ წაახალისეს, რაც ეფექტიანი აღმოჩნდა.

მსგავსი