ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით

11:26, 29.09.2025

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიმართა თხოვნით, მიჰყიდოს „ტომაჰავკის“ რაკეტები ევროპულ ქვეყნებს, რათა მათ ისინი უკრაინას გაუგზავნონ.

როგორც ვენსმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩვენ უდავოდ განვიხილავთ რამდენიმე თხოვნას ევროპელებისგან“, – აღნიშნა ვენსმა.

„ტომაჰავკის“ რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია. კიევი აღნიშნულ რაკეტებს თუ მიიღებს, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებისთვის ხელმისაწვდომ მანძილზე აღმოჩნდება. როგორც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ განაცხადა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ კიევს უნდა შეეძლოს რუსეთის შიგნით შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით დარტყმების განხორციელება.

მსგავსი