ჯასტინ ტრუდო - ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩვენი რესურსების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ჩვენი ქვეყნის შთანთქმაა და ეს რეალურია
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, სერიოზულად ეკიდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომ კანადას აშშ-ის 51-ე შტატად აქცევს.
როგორც კანადური მედია წერს, აღნიშნულის შესახებ ტრუდომ ბიზნესლიდერებსა და პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც განიხილავდნენ, როგორ შეუძლია კანადას აშშ-თან ვაჭრობის დივერსიფიკაცია ტრამპის სატარიფო მუქარების ფონზე.
კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპის განცხადებები დაკავშირებულია იმ ძვირფასს მინერალებთან, რასაც კანადა ფლობს.
„მათ ძალიან კარგად იციან ჩვენი რესურსების შესახებ, რა გვაქვს და სურთ ამ ყველაფრის გამოყენება. ტრამპი გულისხმობს, რომ ამის გაკეთების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ჩვენი ქვეყნის შთანთქმაა და ეს რეალურია“, – აღნიშნა ტრუდომ.
კანადა ცნობილია მინერალებით, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის, მაგალითად, მობილური ტელეფონებისთვის, ელექტრომანქანების ბატარეებისთვის და სხვა.