ჯასტინ ტრუდო და ემანუელ მაკრონი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას
ჯასტინ ტრუდო და ემანუელ მაკრონი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას

გერმანიაში დღეს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე ყოველწლიური კონფერენცია იწყება.

კონფერენციას მსოფლიოს 35 ლიდერთან ერთად, 100-ზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დაესწრებიან. ასევე მონაწილეობას მიიღებს ბიზნესის, მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების 500-ზე მეტი წარმომადგენელი.

კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის, შემდეგ კი ღონისძიებას ელჩი ვოლფგან იშინგერი უხელმძღვანელებს.

წლევანდელი კონფერენციის მთავარ თემებს შორის იქნება „დასავლეთი“ – თუ რას ნიშნავს, იყო დასავლეთის სამყაროს წევრი; მის წინაშე არსებული გამოწვევები, კრიზისები, რომლებიც დასავლეთის კოორდინირებულ რეაგირებას და ერთიან სტრატეგიას საჭიროებს.

განიხილება ევროპული პროექტი, იმსჯელებენ თავდაცვით თანამშრომლობასა და საერთაშორისო წესრიგზე. ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იმსჯელებენ ცხელ წერტილებთან დაკავშირებითაც.

კონფერენციაზე განსახილველი კიდევ ერთი საკითხი იქნება, თუ როგორ აისახება კლიმატური ცვლილებები უსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტურობაზე, ასევე სავაჭრო ურთიერთობები, ტექნოლოგიური განვითარება და საერთაშორისო უსაფრთხოება.

კონფერენციას პირველად დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.

ამერიკის დელეგაცია წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო, თავდაცვისა და ენერგეტიკის მდივნებით. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსიც.

დისკუსიებში ჩაერთვებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკომისიის წევრებიც. მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრი – სერგეი ლავროვი იქნება.

რაც შეეხება აზიას, კონფერენციას დაესწრება ჩინეთის დელეგაცია. ასევე პირველად მიიღებს მონაწილეობას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მიუნხენში ჩადის ირანის წარმომადგენლობაც. იქნებიან დასავლეთ აფრიკის დელეგატები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაც.

კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.