ჯასტინ ტრუდო - ჩემი მეუღლე კარანტინშია, მე და ჩემი შვილები - თვითიზოლაციაში
კანადის პრემეირ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, მისი მეუღლე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს, ამჟამად კარანტინშია, ხოლო ის და მისი შვილები 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩებიან. ამის შესახებ განცხადება კანადის პრემიერმა საგანაგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში ის სამსახურებრივ მოვალეობას დისტანციურად შეასრულებს.
„მე ამ ეტაპზე, არ მაქვს სიმპტომები, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დავრჩები. თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რომ დისტანციურად ვიმუშაო და ასე მოვიქცევი“, – განაცხადა ტრუდომ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ჩაუტარდა მას კორონავირუსის ტესტი, ტრუდომ თქვა, რომ ექიმების გადაწყვეტილებით, ვიდრე მას არ აქვს სიმპტომები, ტესტის ჩატარების საჭროება არ არსებობს.
„ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, ვინაიდან არ მაქვს სიმპტომები, შესაბამისად, არც ერთ ადამიანს, ვისაც მე გასულ დღეებში შევხვდი, საფრთხე არ ემუქრება“ – განაცხადა ტრუდომ.
ამავე პრესკონფერენციაზე ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადის მთავრობა მოქალაქეებს ფინანსურად დაეხმარება და უახლოეს ხანში, ხელისუფლება ფისკალური სტიმულირების პაკეტს წარადგენს.