ჯასტინ ტრიუდო აცხადებს, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს მაჰსა ამინის სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებს
ჯასტინ ტრიუდო აცხადებს, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს მაჰსა ამინის სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებს

კანადა სანქციებს დაუწესებს 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილზე პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის ირანის ზნეობის პოლიციასა და მის ხელმძღვანელობას. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.

„ჩვენ ისევ და ისევ ვხედავთ, რომ ირანი უგულებელჰყოფს ადამიანის უფლებებს, ახლა ჩვენ ვხედავთ ამას მაჰსა ამინის გარდაცვალებით და პროტესტების ჩახშობით. დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენ დავუწესებთ სანქციებს ათობით ფიზიკურ პირსა და კომპანიას, მათ შორის ირანის ე.წ. ზნეობის პოლიციას“, – განაცხადა ტრიუდომ.

მანამდე, მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სანქციების დაწესების შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ გამოაცხადა.

ახალგაზრდა ქალი მაჰსა ამინი თეირანში ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავეს. ის 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალი ნაცემი იყო. ამინის მკვლელობას ირანსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.