ჯასტინ მაკენზი სმიტი - მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები, ხალხზე ზრუნვა ბრწყინვალე და შთამბეჭდავი იყო
ჯასტინ მაკენზი სმიტი - მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები, ხალხზე ზრუნვა ბრწყინვალე და შთამბეჭდავი იყო

საქართველოს მთავრობის ქმედებები და ხალხზე ზრუნვა შთამბეჭდავი იყო, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა განაცხადა.

ბრიტანელი დიპლომატის შეფასებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის როლი უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ დარგს წამყვანი პირების სახით რეალური ლიდერები ჰყავს.

„საქართველოს რეაგირება ბრწყინვალე იყო. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები და ხალხზე ზრუნვა ძალიან შთამბეჭდავი იყო. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის როლი უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ დარგის წამყვანი პირების სახით რეალური ლიდერები ვიხილეთ, რაც ჩემი აზრით, ქვეყნისთვის გადამწყვეტი იყო. ასევე, მიმაჩნია, რომ ამან საერთაშორისო დონეზე მაგალითი მისცა სხვა ქვეყნებს. ჩემთვის გამორჩეულად თვალშისაცემი იყო მთელი საზოგადოების ძალისხმევა საქართველოს რეაგირების კონტექსტში.

ჯანდაცვის სისტემის წარმადობა დიდწილად დამოკიდებულია საზოგადოების რეაგირებაზე და მიმაჩნია, რომ ამ ვირუსისგან ქვეყნის დაცვის საქმეში საოცარი დამოკიდებულების მომსწრენი გავხდით მთელი ქართული საზოგადოების მხრიდან. ქვეყანაში ინფიცირების და გარდაცვალების შედარებით დაბალი მაჩვენებლები ყოველივე ამის შედეგია.

ამგვარად, საქართველოს მთავრობამ შეძლო 6-ეტაპიანი გეგმის შემუშავება და განხორციელება. ზომების განსაზღვრისა და მოხსნის სიფრთხილე და ხალხზე ზრუნვა სამეცნიერო საფუძველს ეყრდნობა, აქვე გავიხსენებდი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის სიტყვებს, რომელიც ბრძენი კაცია. მან თქვა „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან“. ეს ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანი პასუხისმგებლობით აგრძელებს იმ ფუნქციის შესრულებას, რომელიც მოგვეთხოვება“, – განაცხადა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

როგორც ელჩი აცხადებს, ნათელია, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის კრიზისი, მან ეკონომიკური და სოციალური სფეროებიც მოიცვა.

„დიდი ბრიტანეთი ქართველ მეგობრებს მხარში უდგას. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოში დაუცველ მოქალაქეებს. ასევე ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ვაწვდით დამცავ საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია შეიარაღებული ძალების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში არიან ჩართულები. საქართველოს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, ჩვენ შევძელით მოქმედი პროგრამებისთვის გარკევულწილად ფოკუსი შეგვეცვალა, რათა მხარი დაგვეჭირა იმ სამთავრობო უწყებებისთვის, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

მახარებს საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების ძლიერი რეაგირება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატთან ერთად შევძელით ინვესტორთა საბჭოს უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა. ინვესტორთა საბჭო უნიკალური ფორუმია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით აერთიანებს მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ქართულ და საერთაშორისო ბიზნესასოციაციებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის შემობრუნება“,- აღნიშნავს ჯასტინ მაკენზი სმიტი.

ელჩის შეფასებით, ეკონომიკური მდგომარეობის შემოტრიალება აბსოლუტურად ფუნდამენტურია ქართულ და ბრიტანულ საზოგადოებაზე კრიზისის გავლენის შემსუბუქების კონტექსტში.

„ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ ძალიან ეფექტური და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის სისტემით, თუმცა ეკონომიკური, ფისკალური, სოციალური და დასაქმების სფეროებში განხორციელებული ზომებით უნდა მოხდეს დაცვის გამყარება.

სწორედ ეს იყო კრიზისზე ბრიტანული მთავრობის რეაგირების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში. მე კიდევ ერთხელ გავიხსენებდი ფრაზას, რომელიც საქართველოს მთავრობის წევრებისგან მოვისმინე. რამდენიმე კვირის წინ მოვისმინე საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან, რომ პანდემიის დროს ყველა ეკონომისტი გადაიქცა ეპიდემიოლოგად. ეს ნათლად მიუთითებს ფუნდამენტურ კავშირს ჯანდაცვის სფეროსა და ეკონომიკურ სიტუაციას შორის. ამიტომ ვფიქრობ, კრიზისის დაძლევაში საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.