ფოტოგრაფები იმედს გამოთქვამენ, რომ 2011 წელს მათთვის წარდგენილი ბრალდება გაუქმდება
ფოტოგრაფები იმედს გამოთქვამენ, რომ 2011 წელს მათთვის წარდგენილი ბრალდება გაუქმდება

ე.წ. ფოტოგრაფების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულებულების გამოკითხვით გრძელდება.

სააპელაციო სასამართლოს ჩვენებას აძლევენ ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები. ნათია გედენიძემ ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ სასურველი ჩვენების მისაცემად აშანტაჟებდნენ.

“დაკავების შემდეგ დამხვდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ორი მამაკაცი, ერთ-ერთი იყო დავით დევნოზაშვილი, მეუბნებოდნენ, აბა თუ იცი რა დაემართებათ თქვენს შვილებს, მეუბნებოდნენ, ხომ იცით რაც გელით. იქვე ედო ფურცელი ამოაბრუნა, სადაც იყო ფოტო და ვიყავი გადაღებული მე ჩემი მეუღლის მიერ, მითხრეს ეს ფოტო რომ საჯარო გახდეს, რას იტყვიან შენი შვილებიო, მათი მოთხოვნა იყო, თუ არ სურდა, რომ ეს ფოტო საჯარო სივრცეში მოხვედრილიყო, უნდა მეღიარებინა დანაშაული, არც ვიცოდი, რა ეწერა ამ დანაშაულში. მზად ვიყავი ყველაფრისთვის, რათა ეს მალე დამთავრებულიყო და მალე მენახა ჩემი შვილები, მერე მომცეს ტექსტი, უნდა დამეზეპირებინა“,- განაცხადა ნათია გედენიძემ.

შესავალ სიტყვაში ფოტორეპორტიორებმა სასამართლოს მიმართეს და იმედი გამოთქვეს, რომ 2011 წელს მათთვის წარდგენილი ჯაშუშობის ბრალდება გაუქმდება.

“ჩვენ ვართ ფოტორეპორტიორები, ჩვენ დაგვსაჯეს იმის გამო, რომ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნდა 26 მაისის აქციის დაშლის კადრები, ფოტოები, რომელიც არ აწყობდა ხელისუფლებას. დღეს ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, ველოდებით გამართლებას. ჩვენთვის ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია გაიხსენო, რაც ხდებოდა, და მოხვიდე სასამართლოში და ამის შესახებ ისაუბრო”, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

როგორც ირაკლი გედენიძემ განაცხადა, ფოტოგრაფების დაკავება მათ მიერ გადაღებული ფოტოების გამო მოხდა.

“ჩვენ დაგვაკავეს იმ დღის გადაღების გამო. დაკითხვების დროს მოდულში მითხრეს, თუ არ ვიტყოდი რაც მათ სურდათ, ისინი იყვნენ პროკურორებიც და მოსამართლეებიც. იმედი გვაქვს, ჩვენთვის წაყენებული ბრალდება გაუქმდება”, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.