ჯარჯი წიკლაური - სასამართლოს მეორე ინსტანციამაც დაადასტურა, რომ სერგო თეთრაძის საქმეში იმჟამინდელი უმაღლესი თანამდებობის პირებმა მძიმე დანაშაული ჩაიდინეს
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სასამართლოს მეორე ინსტანციამაც დაადასტურა, რომ სერგო თეთრაძის საქმეში იმჟამინდელი უმაღლესი თანამდებობის პირებმა მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.
„ამჯერად უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოში დასრულდა საქმის წარმოება და მან ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ბრალდების ეპიზოდში.
ამჯერად უკვე მეორე ინსტანციამ დაადასტურა, რომ სერგო თეთრაძის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი ჩადენილი იყო იმჟამინდელი უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან – სამი ადამიანის წამებაში ჩართული იყვნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სამხედრო პოლიციის უფროსი, ციხის დირექტორი, მათი მოადგილე, რეჟიმის უფროსები, შუა და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეები, მთელი სისტემა ფაქტობრივად. მათ დაგეგმეს და განახორციელეს სამი უდანაშაულო ადამიანის წამება მათგან არარსებული აღიარებითი ჩვენებების მიღების მიზნით.
ძირითადი მტკიცებულებები იყო ის, რომ სამივე დაზარალებულმა მისცა მამხილებელი ჩვენებები, ადამიანები, ვინც უშუალოდ წამების მსხვერპლნი იყვნენ, წარდგნენ სასამართლოს წინაშე. მათი ჩვენებები ექპერტიზის დასკვნები გახდა ძირითადი მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც ამჯერად უკვე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი, რაზეც ბრალდების მხარე ედავებოდა ყოფილი თანამდებობის პირებს.
რაც შეეხება ჩაპლიგინის ეპიზოდს, ამ ნაწილში ძალაში დარჩა გამამართლებელი განაჩენი, თუმცა ეს გავლენას არ ახდენს სასჯელის ნაწილზე. სასჯელი დარჩა უცვლელი. ჩაპლიგინის ეს ცალკე ეპიზოდი არ ყოფილა, მხოლოდ ერთ-ერთი პირი იყო, რომელიც ამოირიცხა, თუმცა ყველა ბრალდების ეპიზოდი, მათ შორის, შეფარდებული სასჯელი დარჩა ძალაში. რაც შეეხება გასაჩივრებას, ამაზე ვისმჯელებთ მას შემდეგ, რაც სარეზოლუციო ნაწილს მივიღებთ“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დღეს დატოვა.