ჯარჯი წიკლაური - ივერი მელაშვილის განცხადებები მისთვის წარდგენილი ბრალის აღიარებაა
ჯარჯი წიკლაური - ივერი მელაშვილის განცხადებები მისთვის წარდგენილი ბრალის აღიარებაა

გათავისუფლების შემდეგ, ივერი მელაშვილის განცხადებები მისთვის წარდგენილი ბრალის აღიარებაა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ივერი მელაშვილი ამბობს, რომ იურიდიულად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველის ტერიტორია არ არის, ამ გარემოებას სწორედ მან და 2006-2007 წელში მოქმედმა სადემარკაციო სადელიმიტაციო კომისიამ გამოაცალა საფუძველი.

„ზუსტად ამას ვამტკიცებთ ბრალდების მხარე, რაც გუშინ საქვეყნოდ განაცხადა მელაშვილმა. იგი საუბრობს არა ბერთუბანზე, არამედ დავით გარეჯის მთაზე არსებულ კულტურულ ძეგლებზე, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს შემადგენლობაში. ჯერ კიდევ 1995 წელს, ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, ოქმი, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს პირადად მელაშვილი, რომ დავით გარეჯის მთა და მასზე არსებული ყველა ძეგლი არის და უნდა შეთანხმდეს საქართველოს ფარგლებში. თავად მელაშვილი აწერს ამ დოკუმენტს ხელს. 1996 წელს პირადად მელაშვილმა შეადგინა პირველადი რუკები, სადაც ყველა ეს ძეგლი არის ჩვენს ტერიტორიაზე და 2006 წელს, 10 წლის შემდეგ რა შეიცვალა, რატომ შეათანხმა მელაშვილმა ისე საზღვარი, რომ ქედზე გადაიარა და მთა ნაწილობრივ მოექცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. შეიცვალა ის, რომ მან მიიღო დანაშაულებრივი დავალება ასე გაეკეთებინა და იგი უკვე იძულებულია, მისი დანაშაულის გადასაფარად დღეს ისაუბროს, თურმე ეს ძეგლები ხვდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს არის სიცრუე, მაგრამ იგი კარგად ხვდება ამას და ამ სიცრუეს რა გამოააშკარავებს – 200-ათასიანი მასშტაბის რუკა, სადაც ცხადად ჩანს, რომ მთელი მთა არის საქართველოსი და ადვოკატები რას აკეთებენ ამ დროს? ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ ხარვეზი აქვს ამ რუკას და უვარგისია. 100-მდე რუკაა საქმეში და მთავარი რუკა, რომლითაც დავით გარეჯი ჩვენია, მარტო ამ რუკას აღმოაჩნდა თურმე ხარვეზი. საბედნიეროდ, არა მხოლოდ ამ რუკაზე, სხვა მასშტაბის რუკებზეც კი, დავით გარეჯის მთა იყო და არის საქართველოს შემადგენლობაში. ნურავის შეექმნება ილუზია, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება, როდესაც წინასწარი პატიმრობა შეიცვალა გირაოთი, ეს მიანიშნებს მათ უდანაშაულობას. არავის გაუჩნდეს განცდა, რომ პროკურატურამ შეარბილა პოზიციები. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და სასამართლოზე ფაქტების წინაშე დადგებიან ბრალდებულები და კონკრეტული პასუხების გაცემა მოუწევთ. მათ ემუქრებათ 15 წლამდე სასჯელი“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ამასთან, ივერი მელაშვილმა განაცხადა: „როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“.