ჯარჯი აქიმიძე - ვიდრე „რუსთავი 2“ დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება, ამ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება
ჯარჯი აქიმიძე - ვიდრე „რუსთავი 2“ დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება, ამ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება

ვიდრე „რუსთავი 2“ დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება, ამ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა.

ჯარჯი აქიმიძე მიიჩნევს, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის გაყიდვასთან დაკავშირებით დიდი ხნის მოფიქრებული გეგმაა. ამასთან, აქიმიძე მიჩნევს, რომ ახალი მფლობელი კეთილსინდისიერ მყიდველად ვერ ჩაითვლება.

„ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება ჩვეულებრივად და არაფერი არ ემუქრება. რაც შეეხება მომავალ მეპატრონეს, შემიძლია გითხრათ, რომ ის იქნება, რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერი მფლობელი და მათთანაც მოგვიწევს სამართლებრივი ურთიერთობა. დანარჩენს რაც შეეხება, ეს გადაწყვეტილება ერთი კვირის განმავლობაში მოფიქრებული და მომზადებული არ არის, ჩემი აზრით გაცილებით უფრო დიდი ფესვები აქვს. როგორც ჩანს, გადაათამაშეს, როგორც ჩანს ტელევიზიის გაკოტრება უნდათ, ან ვიღაც მათთვის სასურველმა ადამიანმა უნდა იყიდოს. ვინ გამოჩნდება ისეთი სახელი და გვარის ადამიანი, სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არა მაქვს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართლიანობა არ აღდგება ამ ქვეყანაში ვიდრე „რუსთავი 2“ არ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

„რუსთავი 2“-ის 100 პროცენტიანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა დღეს განაცხადება გაავრცელა. განცხადებაში ხალვაში წერს, რომ მზადაა გაყიდოს „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და კონკურსი ერთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.