ჯარჯი აქიმიძე - ეს ქვეყანა ქვეყანას უნდა დაემსგავსოს, „რუსთავი 2“-ს კი ამ ყველაფერში აქვს მოვალეობა და როლი 
ჯარჯი აქიმიძე - ეს ქვეყანა ქვეყანას უნდა დაემსგავსოს, „რუსთავი 2“-ს კი ამ ყველაფერში აქვს მოვალეობა და როლი 

ეს ქვეყანა ქვეყანას უნდა დაემსგავსოს, „რუსთავი 2“-ს კი ამ ყველაფერში აქვს მოვალეობაც და თავისი როლიც, ჩვენ შევეცდებით ქვეყნის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემ პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯარჯი აქიმიძემ აღნიშნა, ქიბარ ხალვაშს მიმდინარე კვირის ბოლოს შეხვდება.

„ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იქნება, რაზეც ვილაპარაკებთ ყველაფერზე, თავიდან ბოლომდე, ყველა დეტალზე და ყველა ნიუანსზე ვისაუბრებთ. დღეს „რუსთავი 2“ არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება. შესაბამისად, მან უნდა გააკეთოს თავის შეთავაზება და ჩვენ ამ შეთავაზებას გავცეთ პასუხი- მივიღოთ ან არ მივიღოთ“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

ამასთან, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე და აღნიშნა, რომ კომისია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

„ყველაფერს თავის დრო აქვს. ყველაფერი უახლოეს დღეებში გამოჩნდება. არაფერ შუაში არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობა. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენმა საზოგადოებამ დაიმსახურა ის, რომ ეს რაღაც მანკიერი წრე უნდა გაირღვეს და ჩვენთან ნორმალური საინფორმაციო და პოლიტიკური პროცესი უნდა განვითარდეს. ეს ქვეყანა ქვეყანას უნდა დაემსგავსოს, „რუსთავი 2-ს“ კი ამ ყველაფერში აქვს მოვალეობაც და თავისი როლიც. ჩვენ შევეცდებით ამ ქვეყნის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდნენ მმართველი პარტიის დეპუტატები დღევანდელ შეხვედრას, აქიმიძემ უპასუხა: „არ ესწრებოდა? მე ისიც არ ვიცი, ვინ არიან „ქართული ოცნების” წარმომადგენლები, პოლიტიკაში არ ვერევი”.