„ჯარისკაცი უხილავი მტრის წინააღმდეგ“ - ვირტუალური გამოფენა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ეძღვნება [ფოტო]
„ჯარისკაცი უხილავი მტრის წინააღმდეგ“ - ვირტუალური გამოფენა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ეძღვნება [ფოტო]

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. ამ თარიღს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უძღვნის ვირტუალურ გამოფენას სახელწოდებით „ჯარისკაცი უხილავი მტრის წინააღმდეგ”.

გამოფენა ასახავს პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლი თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საქმიანობას ქვეყნის მასშტაბით.

ქართული ჯარი 29 წლისაა. ეროვნული გვარდია 1990 წლის დეკემბერში უზენაესი საბჭოს დადგენილებით შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა და 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის დაარსების ისტორია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ძალები, სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, COVID-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში პირველივე დღიდან ჩაერთო. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ დაწესებულ გამკაცრებულ შეზღუდვებს თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, 24-საათიან საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს.

თავდაცვის ძალები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე წარმოდგენილია სამი ძირითადი ელემენტით: ქვეითები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ პირთა გადაადგილების კონტროლს, სამედიცინო პერსონალი, რომელიც ამოწმებს მოსახლეობის ჯანმრთელობის პირველად მდგომარეობას და საინჟინრო ელემენტი, რომელიც ტრანსპორტის დეზინფექციას უზრუნველყოფს.

ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს კრიზისული ვითარების დროს მოქმედების უდიდესი გამოცდილება და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი დონის მომზადება აქვთ. ამდენად, თავდაცვის ძალებზე დაკისრებული კომპონენტი უმაღლეს დონეზე სრულდება. სამხედრო მოსამსახურეები უდიდეს მხარდაჭერას უწევენ ცალკეულ სამინისტროებს კრიზისის მართვასა და პრევენციაში.