ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ [ფოტო]
ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ [ფოტო]

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობაში ბრალდებულებს, გიორგი ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე რომან ხორავამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ბრალდებისა და დაცვის მხარეების შუამდგომლობების მოსმენის შემდეგ მცირე შეფასებაც გააკეთა. მოსამართლის განცხადებით, მას „ნამდვილად არ ეგონა, რომ მსგავსი ფაქტი ქართულ ჯარში შეიძლებოდა მომხდარიყო“.

„როგორ უნდა მოსთხოვო ქვეყნის დაცვა, ჯარისკაცს, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრობს“, – აღნიშნა მოსამართლემ.

მისი თქმით, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე, სხვა საფრთხეებიც არსებობს, რის გამოც, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იქნეს გამოყენებული.

ადვოკატები ბიჩელაშვილისა და დევდარიანის მიმართ გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ ე.წ. იაღლუჯას ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები. კერძოდ,

2020 წლის 14 მარტს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ერთი საათიდან ორ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილს, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით ახეხინა ყაზარმის საპირფარეშო ოთახის იატაკი.

ასევე, 2020 წლის 25 მაისს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ერთი ჯარისკაცი აღჭურვა 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით და აღნიშნული ეკიპირებით ათი-თერთმეტი საათის განმავლობაში, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ფეხსაცმლისა და კბილის ჯაგრისებით, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, საპირფარეშო ოთახის იატაკი, საპირფარეშოს კარები და ჩარჩოები, უნიტაზი და პირსაბანი ნიჟარა.

გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის 3 ივლისს ცვლის უფროსმა დ.დ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცს, რომელიც პირადი შემადგენლობის სხვა ჯარისკაცებთან ერთად იდგა მწყობრში ყაზარმის სიახლოვეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა ყელის არეში და თავი ჩაარტყა შუბლში.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ამავე სამმართველოს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ე.წ. ,,იაღლუჯას’’ ბაზაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს, სხვადასხვა დროს, მისი უშუალო ზედამხედველობითა და მითითებით, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, დასჯის მიზნით ახეხინა საცხოვრებელი ყაზარმის სივრცეები. კერძოდ,

2020 წლის 28 იანვარს, ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, ნახევარი საათიდან ერთ საათამდე ხანგრძლივობით, კბილის ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის იატაკი და ონკანის ნიჟარები.

ასევე, 2020 წლის 24 მაისს ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ორ ჯარისკაცს, ორი საათიდან ოთხ საათამდე ხანგრძლივობით, 10 კილოგრამზე მეტი წონის ჯავშანჟილეტითა და ჩაფხუტით აღჭურვილებს, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, პირსაბანი ოთახის იატაკი და საპირფარეშოს კარი.

გარდა აღნიშნულისა, 2020 წლის 17 ივნისს, ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ერთ ჯარისკაცს, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, ახეხინა ყაზარმის საკლასო ოთახი, პირსაბანი ოთახის სივრცე და საპირფარეშოს კარი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.