ჯარედ კუშნერი - ღაზას საზღვართან აქციაზე ათობით პალესტინელის დაღუპვამ გვაჩვენა, რომ ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები პრობლემად რჩება
ჯარედ კუშნერი - ღაზას საზღვართან აქციაზე ათობით პალესტინელის დაღუპვამ გვაჩვენა, რომ ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები პრობლემად რჩება

ღაზას საზღვართან გამართულმა საპროტესტო აქციამ, რასაც ათობით პალესტინელის დაღუპვა მოჰყვა, გვაჩვენა, რომ ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები აქ დიდ პრობლემად რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძემ და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში უფროსმა მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა გუშინ ღაზას საზღვართან მომხდარის შეფასებისას განაცხადა.

იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიის პარალელურად, ისრაელის სამხედრო შენაერთები საზღვართან გამართულ პალესტინელების აქციას დაუპირისპირდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 55 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 2700.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია მომხდარს გამოეხმაურა და პასუხისმგებლობა ღაზას მმართველ დაჯგუფება „ჰამასს“ დააკისრა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიციას ემხრობა, რომლის თქმითაც, სამხედრო შენაერთები თავდაცვით ქმედებებს ახორციელებდნენ და ქვეყნის საზღვრებს იცავდნენ.