ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა
ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წელს უკვე მეოთხედ მასპინძლობს ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს.

ფესტივალის გახსნაზე ხუთგზის გრემის მფლობელმა ვოკალურმა ჯგუფმა – The Swingles-მა, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ცნობილი სიმღერები ორიგინალური ინტერპრეტაციით შეასრულა.

ფესტივალი 23 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2015 წელს თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მიერ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. ფესტივალის პირველი გამოშვება ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ფესტივალი ყოველწლიურია და მის ფარგლებში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოდიოდნენ პოპულარული მუსიკის ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიც არიან: The Manhattan Transfer, New York Voices, TAKE 6, Ivan Lins, Bob James, Patti Austin, The Real Group. გარდა ამისა, ფესტივალი ეწევა ქართული პოპულარული მუსიკის პოპულარიზაციას და მსმენელს სთავაზობს საინტერესო პროექტებს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.