ჯანსუღ კახიძის მეხუთე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს რიჩარდ ბონა გახსნის
ჯანსუღ კახიძის მეხუთე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს რიჩარდ ბონა გახსნის

ჯანსუღ კახიძის მეხუთე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავის, ბას-გიტარისტის, რიჩარდ ბონას კონცერტი გახსნის. ღონისძიება 5 მაისს კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.

ცნობილი მუსიკოსი მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგება. ორკესტრს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

წარმოშობით კამერუნელი, რიჩარდ ბონა შვიდი ალბომის ავტორია. იგი რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია: 2004 წელს – „საუკეთესო საერთაშორისო არტისტი”; 2007 წელს – ნომინაცია გრემის პრიზზე „მსოფლიო მუსიკის საუკეთესო თანამედროვე ალბომის” კატეგორიაში ჯონ ლიჯენდის ალბომში მონაწილეობისთვის; 2009 წელს ანტონიო კარლოს ჟობიმის ჯილდო მონრეალის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალზე; 2012 წელს – სასემის (საფრანგეთის საავტორო უფლებათა ასოციაცია) გრანპრი ჯაზის სფეროში.

ასევე, მუსიკოსი თანამშრომლობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ჟერალდ ტოტო, ლოკუა კანზა, კაზუმი ვატანაბე, პეტ მეთენი, ბობი მაკფერინი, მარიო კანონგე და ბევრი სხვა.

2016 წელს რიჩარდ ბონამ წარადგინა ახალი აფრო-კუბური პროექტი „მანდეკან კუბანო“, რომლითაც მრავალ ჯაზ ფესტივალს ესტუმრა.