ჯანო ანანიძემ ევროპის ლიგაზე ითამაშა - „სპარტაკი“ გათამაშებას დაემშვიდობა
ჯანო ანანიძემ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ესპანეთში „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ითამაშა.
ჯანო ანანიძე სათადარიგოებში იყო, „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა ის მოედანზე 74-ე წუთზე შეუშვა, როდესაც მოსკოველები 0:2-ს აგებდნენ და სურათი ვერც ქართველის გამოჩენამ შეცვალა. თუმცა, კარგი ფაქტია, რომ ანანიძეს „სპარტაკში“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში ათამაშებენ.
საბოლოოდ, „სპარტაკმა“ 0:2 წააგო, ევროპის ლიგის „G“ ჯგუფში გამოსვლა ბოლო ადგილზე დაასრულა და გათამაშებას გამოეთიშა.
„J“ ჯგუფში „კრასნოდარმა“ გასვლაზე ასევე ესპანურ გუნდთან, „სევილიასთან“ 0:3 წააგო, თორნიკე ოქრიაშვილი კი განაცხადშიც არ იყო – მიზეზი ცნობილია, საქართველის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ისევ ტრავმას მკურნალობს. „კრასნოდარმა” 12 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში ითამაშებს.