ჯანო ანანიძე - საქართველოს ნაკრები ძალიან მაგარ ფორმაშია და ერთა ლიგის დარჩენილ შეხვედრებსაც იმედით ვუყურებ #1TVSPORT
ჯანო ანანიძემ პირველ არხთან საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მისი პერსპექტივის შესახებ ისაუბრა. ყოფილმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდი წარმატებულ სვლას გააგრძელებს.
„საქართველოს ნაკრებში ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა. მოთამაშეების მიდგომაში პროფესიონალიზმს ვხედავ. ეტყობათ, რომ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ და ამან შედეგი გამოიღო. ნაკრები უფრო გუნდურადაც ათამაშდა. რა თქმა უნდა, წარმატებაში დიდი როლი სანიოლმაც ითამაშა.
ნახევარდაცვაში კიტეიშვილს ქოჩორაშვილი შესანიშნავად ეხმარება, წინ კი ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთმანეთს მაგრად უგებენ. მათ გარეშე ნაკრები ვერ წარმომიდგენია. ასევე, მიქაუტაძე და ჩვენი შეტევები უფრო მრავალფეროვანი გახდა.
ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების ასპარეზობისგან მიღებული ემოციების გადმოცემა შეუძლებელია, რადგან ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის და, განსაკუთრებით, პორტუგალიასთან მოგების შემდეგ თავდაჯერებული გახდა.
წარმატების მიზეზი ხასიათი, მიდგომა და გუნდურობაა. ამ ბიჭებმა ეს თვისებები გამოამჟღავნეს, რაც დაუფასდათ. ერთა ლიგის დარჩენილ თამაშებსაც დიდი იმედით ვუყურებ“, – ამბობს ჯანო ანანიძე.