ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - თამბაქოს შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, ადამიანები გადაეჩვევიან მავნე ჩვევას
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - თამბაქოს შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, ადამიანები გადაეჩვევიან მავნე ჩვევას

თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან მთლიანად იკრძალება მოწევა დახურულ შენობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მწეველებს აღარ ექნებათ საშუალება, გაავრცელონ თამბაქოს კვამლი გარშემო და ეს მხოლოდ ღია ცის ქვეშ იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ვერა ლუიზა და კოსტა ე სილვამ კამპანიის „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი რეგულაციების ამოქმედების შედეგად, ქვეყანაში მწეველთა რიცხვი შემცირდება.

„ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები გადაეჩვევიან ამ მავნე ჩვევას და შეეჩვევიან ჯანსაღი ცხოვრების წესს, ამაღლდება ცხოვრების ხარისხი ოჯახებში. ყველამ უნდა იზრუნოს ამ კანონის დამკვიდრებისთვის, რაც ჯანმრთელობაზე ზრუნვას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ავადმყოფები, ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან მწეველების გარშემო, აღარ ჩაისუნთქავენ მავნე კვამლს. მიუღებელი გახდება ყველანაირი რეკლამის, ბანერების გამოფენა ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებში და ეს შეამცირებს მილიონობით ადამიანისთვის ავადმყოფობის საშიშროებას“, – განაცხადა ვერა ლუიზა და კოსტა ე სილვამ.

დატოვე კომენტარი