ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის საქართველოში ვიზიტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის საქართველოში ვიზიტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

18-22 დეკემბერს საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდება.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების პირველი პირი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს სამინისტროში უმასპინძლებს და ონლაინკლინიკას დაათვალიერებინებს, რის შემდეგადაც მედიასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, მინისტრთან ერთად, ადგილზე პირადად გაეცნობა კლინიკურ სასტუმროებსა და კოვიდკლინიკებში არსებულ მდგომარეობას.

ჰანს კლუგე დელეგაციის წევრებთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-საც ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდება.

„ხვალ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გვეწვევა. ჰანს კლუგეს ვიზიტი ხუთდღიანია. მასთან შეთანხმებული იქნება ყველა სტრატეგია, რომელიც გადაიდგმება არა მხოლოდ კოვიდპანდემიის მართვის კუთხით, არამედ საუბარი გვექნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ყველა რეფორმაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოვა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის​ ევროპის რეგიონის ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა ჩერტოიანოვა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის საქართველოში ვიზიტი ხუთდღიანია და 22 დეკემბერს დასრულდება.