ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - საქართველომ შეზღუდული რესურსების პირობებშიც ეფექტურად განახორციელა ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - საქართველომ შეზღუდული რესურსების პირობებშიც ეფექტურად განახორციელა ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობა

საქართველომ შეზღუდული რესურსების პირობებშიც ეფექტურად განახორციელა ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობა, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონალური კომიტეტის 68-ე სესია გრძელდება. მონაწილე 53 ქვეყნის წარმომადგენლიდან, სესიის აღმასრულებელ პრეზიდენტად, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აირჩიეს, რომელიც დღევანდელი სესიის წამყვანი იყო.

ჯანმოს წარმომადგენელთა წინაშე, დღეს სიტყვით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოვივდა, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნებზე ისაუბრა.

„მდგრადი განვითარების მიზნები აერთიანებს მრავალ მნიშვნელოვან ფაქტორს. საქართველოს მთავრობის სერიოზული მიღწევა იყო 2012 წელს ძირითად პრიორიტეტად ჯანმრთელობის დაცვის გამოცხადება. ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით მოვახდინეთ ისეთი კომპონენტების ინტეგრირება, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნები, ძირითადი სტატისტიკა და ჯანდაცვის საფუძვლები-ხარისხი, წვდომა და ფასი. ძირითადად ეს არის მდგრადი განვითარების ანატომია. საქართველო სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება იყო ძალიან ამბიციური გამოწვევა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრი მადლობას უხდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლის მხარდაჭერის გარეშეც საქართველოსთვის, მსგავსი სახის რეფორმების განხორციელება რთული იქნებოდა.

დავით სერგეენკო განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არის მნიშვნელოვანი გასაღები, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების უმეტესობას ესადაგება. მინისტრმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება, ისეთი როგორიცაა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, პირველადი ჯანდაცვა და ასე შემდეგ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, საქართველოს მაგალითს სხვა ქვეყნებსაც უზიარებენ და აცხადებენ, ქვეყანამ შეძლო არჩევანის გაკეთება და შეზღუდული რესურსების პირობებშიც, ეფექტურად განახორციელა ჯანდაცვის საყოველთაო მიწვდომადობა.