ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პაპუნა ლოცულაშვილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას კვლევები უტარდება.
„ჩვენთან შემოსულია პაციენტი, პაპუნა ლოცულაშვილი. დავაკონკრეტებ, რომ პაციენტი ჩვენთან შემოსულია ბინიდან და არა ამ ეტაპზე გორიდან. მდგომარეობა არის სტაბილური. ამჟამად სპონტანურ სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი დღეს იმყოფებოდა „ვივამედის“ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე, გაეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა, აღენიშნა გულისრევა, ჰქონდა თავის ტკივილი, რის გამოც გამოძახებულმა სასწრაფომ პაციენტი შემოიყვანა ჩვენს კლინიკაში. ჩვენთან მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე. უტარდება მაღალტექნოლოგიური კვლევები, პაციენტი ვიწრო სპეციალისტების მიერ კონსულტირებულია. დანარჩენი, მდგომარეობა გვაჩვენებს, როგორ განვითარდება სიტუაცია“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმმა, მანანა ლობჟანიძემ.
კითხვაზე, რა გახდა პაციენტის კლინიკაში გადმოყვანის მიზეზი, ექიმმა აღნიშნა, რომ იყო გულის წასვლის ეპიზოდი, თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფიით ტვინის შერყევა არ დადასტურებულა, გონების დაკარგვა კი ტკივილებმა გამოიწვია.
„დიახ, გულის წასვლის მომენტი იყო, ტკივილებმა გამოიწვია მისი ეს მდგომარეობა. ახლა ჩვენთან უტარდება კვლევები და კვლევებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას, პაციენტი მოთავსდება სტაციონარში თუ გაეწერება ბინაზე. ტვინის შერყევა ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურებულა“, – აღნიშნა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა.
პაპუნა ლოცულაშვილის ძმის, გიგლა ლოცულაშვილის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილი დღის მეორე ნახევარში გახდა შეუძლოდ და გონება ორჯერ დაკარგა, რის შემდეგაც მისი კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა.
„დღის მეორე ნახევრამდე ცოტა ისე იყო და დღის მეორე ნახევრიდან უკვე სისუსტე დაეწყო. ორჯერ გული წაუვიდა და შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ, რომ გადმოგვეყვანა საავადმყოფოში. ასევე, ჰქონდა ტანის ტკივილები, მკერდში ტკივილები, კისრის არეში ტკივილები, ხელი სტკიოდა, უკან თავი, გულისრევის შეგრძნებები. სასწრაფომ გადაწყვიტა, რომ ამ კლინიკაში შეეყვანათ. ახლა შეყვანილი ჰყავთ და ტარდება შესაბამისი გამოკვლევები. ვნახოთ, რა იქნება. წოლითი რეჟიმი ჰქონდა გამოწერილი. ცოტა გაიარა-გამოიარა და დღის მეორე ნახევარში გახდა უკვე შეუძლოდ. გული წაუვიდა ორჯერ და გამოვიძახეთ სასწრაფო“, – განაცხადა გიგლა ლოცულაშვილმა.
გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პაპუნა ლოცულაშვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით ექვსი პირი დააკავა.