ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ჩინეთში ამ დროისთვის რეგისტრირებულია კორონავირუსის 300-მდე შემთხვევა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ჩინეთში ამ დროისთვის რეგისტრირებულია კორონავირუსის 300-მდე შემთხვევა

ჩინეთში ამ დროისთვის რეგისტრირებულია კორონავირუსის 300-მდე შემთხვევა, ასევე რამდენიმე შემთხვევა იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ტაილანდში, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

როგორც სილვიუ დომენტემ აღნიშნა, კორონავირუსი ახლად აღმოჩენილი ვირუსია და პირველი შემთხვევა გასული წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა.

„მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია შექმნილ სიტუაციას ძალიან ყურადღებით აკვირდება. ამ ვირუსის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, რადგან ის ახალია. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთის ხელისუფლებასთან და აგროვებს ინფორმაციას. დღეს ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იკრიბებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ამ საკითხს განიხილავენ და ამის შემდეგ გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, გამოცხადდება თუ არა საერთაშორისო დონეზე, ჯანდაცვის კუთხით, საგანგებო მდგომარეობა. რაც ამ ეტაპისთვის არის ცნობილი, ეს არის კორონავირუსის ტიპი, რომელიც გავრცელდა ცხოველებისგან. როგორც ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, ის ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება. ამის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა ცნობილი. ამ მომენტისთვის ჩინეთში რეგისტრირებულია 300-მდე შემთხვევა, ასევე რამდენიმე შემთხვევა იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ტაილანდში“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.

მისივე თქმით, ვირუსისგან თავის დასაცავი რეკომენდაციები არის ძალიან ზოგადი.

„რეკომენდაციები ეხება ძირითადად რესპირატორულ და ხელების ჰიგიენას, ასევე საკვების ჰიგიენას. რაც ნიშნავს ხელების ხშირ ბანას, დაცემინებისა და ხველების დროს შესაბამისი წესების დაცვას, გრიპის მსგავსი სიმპტომის მქონე ადამიანებთან კონტაქტის თავიდან აცილებას და ცხოველებთან კონტაქტის არიდებას, ასევე თუ ამზადებთ საკვებს, მის შესაბამის დამუშავებას“, – განცხადა სილვიუ დომენტემ.