ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი - საქართველოში „კოვიდ-19“-ზე რეაგირება არის ძალიან კარგი და ამ საქმეს უძღვებიან როგორც მინისტრი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი - საქართველოში „კოვიდ-19“-ზე რეაგირება არის ძალიან კარგი და ამ საქმეს უძღვებიან როგორც მინისტრი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო

„კოვიდ-19“-ზე რეაგირება ძალიან კარგად არის თქვენს ქვეყანაში და მას უძღვება როგორც მინისტრი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

„სამი მიზანი გვაქვს. პირველი, რომ „კოვიდ-19“-ის საკითხებზე ერთად ვიმუშაოთ ჯანდაცვის მუშაკებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან.მეორე მიზანია, რომ შევთანხმდეთ, როგორ ვიმუშავებთ ზოგადად ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. ქალბატონ მინისტრს მინდა მივულოცო, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში იმყოფებით, მაინც გრძელდება საქართველოში უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა. მესამე მიზანია, რომ გაძლიერდეს ჯანმოს საქართველოს ოფისის მუშაობა. რასაც მე ვხედავ, რეაგირება „კოვიდ 19“-ზე ძალიან კარგად არის თქვენს ქვეყანაში და მას უძღვება როგორც მინისტრი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. რადგანაც ყველა მხრიდან იყო ჩართულობა, როგორც მეცნიერების ასევე საზოგადოების . ეს მონაწილეობა იყო ძლიერი და აქტიური“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისივე თქმით, საქართველოში მთელი რიგი ინოვაციები ნახა, რომელიც ქვეყანას კარგ სამსახურს უწევს ამ მიმართულებით.

„ვნახე, როგორც ცხელების ცენტრები, ასევე ონლაინკლინიკა, რომელსაც დღეს ვიზიტით ვესტუმრე, ასევე კოვიდსასტუმროები. ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან. ამ ბრძოლას მხოლოდ კლინიკებში ბრძოლით ვერ მოვიგებთ, თუკი ეს ფოკუსი არ გადავიდა სხვა მიმართულებებით. მაგალითად, როგორიც არის კოვიდსასტუმროები. ჩვენ მინისტრთან ვისაუბრეთ და ნამდვილად გვირაბის ბოლოს ჩანს შუქი, რადგან ვაქცინა არსებობს „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ. ბოლომდე შედეგის მისაღებად ჯერ კიდევ დროა დარჩენილი. ამიტომ ამ გარდამავალ, შუალედურ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან და რეგულაციებთან, ამის დაცვა ევროპისთვის საქართველოსთვის. ეს ზომებია ხელის დაბანა, დისტანცია ასევე, რესპირატორული ჰიგიენა, ნიღბის ტარება და თუ კი ვერ გრძნობთ თავს კარგად, სახლში დარჩენა. ეს ძალიან მარტივად განსახორციელებელი ზომებია, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს არ მოითხოვს, მაგრამ ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს. მონაცემებს თუ შევხედავთ, ამ ზომების განხორციელებას დღეს საქართველოში დადებითი ტენდენცია აქვს. ჩვენ მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ და კიდევ მეტ ინფორმაციას მოვიპოვებ, მეტი მეცოდინება. საქართველო ჩემთვის პრიორიტეტული ქვეყანაა. კიევიდან ჩამოსასვლელად 24 საათი დამჭირდა. ეს ორმხრივად მომგებიანი სიტუაციაა. ჩვენ საქართველოს გამოცდილებას, ცოდნას ვაწვდით და ასევე ამ ქვეყნიდანაც ვსწავლობთ“, – განაცხადა კლუგემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე საქართველოში დღეს ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის​ ევროპის რეგიონის ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა-ჩერტოიანოვა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის საქართველოში ვიზიტი ხუთდღიანია და 22 დეკემბერს დასრულდება.